ყოფილი ბიზნესმენი, ამჟამად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან ქარდავა დადიანების სასახლის შესყიდვის ფაქტს უარყოფს.
საჯარო რეესტრის ცნობით, ლევან ქარდავა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის 995 კვადრატული მეტრის მფლობელია. რადიო „ათინათთან“ საუბისას ქარდავამ აღნიშნა, რომ მან არა დადიანების სასახლის ეზოს მიწა, არამედ მიმდებარე ტერიტორია იყიდა, სადაც სასტუმროს აშენება იგეგმებოდა.
ლევან ქარდავა ინტერვიუში ამბობს, რომ მიწის ყიდვა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე ადგილობრივ წარმომადგენელთან, მათ შორის უკვე გარდაცვლილ ისტორიკოსთან აბესალომ ტუღუშთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა: „ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და მე მას ასეთი რამე ვუთხარი: „მე პრობლემა არ მაქვს, მეგონა, რომ ეს ზუგდიდისთვის საჭირო პროექტი იყო და თუ ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს, მე ამ პროექტზე ვუარს ვიტყვი და იმ გადახდილ ბესაც დავკარგავ-მეთქი.“ შემდეგ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ იქ ავაშენებდით სამსართულიან შენობას, რომელიც უკრაინაში არსებული დადიანების სასახლის ასლი იქნებოდა. ბატონმა აბესალომმა ბოლოს მითხრა, ჯობია ეს პროექტი გაკეთდეს, ვიდრე სხვამ იყიდოს და გააკეთოს ის, რაც მას მოესურვებაო. მხოლოდ ამის შემდეგ შევიძინე ეს მიწა.
მე რამდენადაც გავარკვიე, გაუგებრობა სხვა მხრიდან მოდის. რამდენადაც ვიცი, მუზეუმის საკუთრებაში მხოლოდ შენობაა, მიწა კი ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. მუზეუმის ხელმძღვანელობას უნდოდა, რომ სასახლის მიმდებარე ტერიტორია მუზეუმზე დაემაგრებინა…და ეგ ორივე სახელმწიფო სტრუქტურაა და ერთმანეთში არკვიონ, მე მათთან არანაირი შეხება არ მაქვს.
ამ მიწაში საბაზრო ღირებულებაზე მეტი - 135 ათასი დოლარის ექვივალენტი გადავიხადე ლარებში. სხვათაშორის მინდა ვთქვა, რომ ამ ტერიტორიის გაყიდვის შესახებ ყველამ იცოდა, მუზეუმის თანამშრომლებმაც კი, და თითქოს, ყველამ თითქოს ახლა გაიგო. პროექტის დამუშავება, ესკიზების გაკეთება, ყველაფერი დასრულებული იყო... მერე იყო საპარლამენტო არჩევნები და ყველაფერი ამ დონეზე გაჩერდა..."
"ნიუპოსტთან" საუბრისას კი ლევან ქარდავა აღნიშნავს, რომ ყველა ზუგდიდელმა კარგად იცის ის ადგილი, რომლის ყიდვაზეც არის ლაპარაკი: „ყველა ზუგდიდელმა კარგად იცის, რა ადგილზეა ლაპარაკი და როგორი "დაცული" იყო ის ტერიტორია - ნაგავსაყრელი და ნარკომანთა თავშეყრის ადგილი გახლდათ. და თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ეს არის საქართველოს, სამეგრელოს, როგორც კუთხის კულტურული მემკვიდრეობა, მინდა აქედანვე გითხრათ, რომ თუ გავწვდები, ყველაფერს გავიღებ და გავაკეთებ, რათა ასეთი კულტურული მემკვიდრეობის კერები არამარტო სამეგრელოში, საქართველოს დანარჩენ კუთხეებშიც არსად იყოს", - აცხადებს ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






