იური ღვინჯილიამ, რომელიც განათლების ცენტრ „კოლხიდას“ წარმომადგენელია და მსგავსი მოთხოვნები ადრეც არაერთხელ წამოუყენებია, ზუგდიდში მეგრული ენის მოსპობის საშიშროებაზე ისაუბრა და მეგრული ენისთვის სტატუსის მინიჭება და სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსი კიდევ ერთხელ მოითხოვა. – ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს.
შეკრებილმა საზოგადოებამ აღნიშნულ საშიშროებას პოლიტიკური სარჩული მიანიჭა. მათი განცხადებით, აღნიშნული პრობლემა მანამდე არ მოგვარდება, სანამ სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსი არ მიენიჭება:
„საქართველომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას 1999 წელს აიღო ვალდებულება რომ ერთი წლის განმავლობაში ხელს მოაწერდა ევროპის რეგიონულ ენების ქარტიას. ქარტიის მიზანია, რომ გაქრობის პირას მდგარი ენები შენარჩუნდეს და განვითარდეს.
ჩვენ უკვე მეექვსე შეხვედრას ვატარებთ, ყოველთვის მოვიწვიეთ გამგეობა, საკრებულო, პოლიტიკური პარტიები, მაგრამ არავინ არ მოდის, ეს არის გააზრებული პოლიტიკა, რომლის მიზანია მეგრული ენის სრული განადგურება და მეგრელების ასიმილაცია, შექმნილია უპირობო ეთნოკომპლიქტის წინაპირობა, როდესაც არსებობენ მჩაგვრელი ქართველები, რომლებიც არ აძლევენ დაჩაგრულ მეგრელებს თავიანთი ენის შენარჩუნების საშალებას.
გამოსავალი არის ერთადერთი, ეს არის პოლიტიკური სტატუსი, თუ ჩვენ არ გვექნება პოლიტიკური სტატუსი, მანამდე ჩვენ ვერაფერს ვერ მოვახერხებთ“, - განაცხადა განათლების ცენტრ „კოლხიდას“ წარმომადგენელმა, იური ღვინჯილიამ.
ერთ-ერთმა დამსწრე პირმა კი აღნიშნა, რომ მეგრელებს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მეგრულად ლაპარაკის უკვე სრცხვენიათ: „ქართველებს ქართული არ უნდათ, მეგრელებს მეგრული არ უნდათ, ჩვენ თავს ვიტყუებთ, ისე წავიდა საქმე მეგრულად ლაპარაკი მეგრელს უკვე სრცხვენია“, - აღნიშნა ერთ-ერთმა დამსწრე პირმა.
შეგახსენებთ, რომ იური ღვინჯილია, რომელიც მის მიერ დაარსებულ ორგანიზაცია "კოლხიდასთან" ერთად, სამეგრელოში არაპოპულარული პირია და არაერთხელ ჰქონია კონფლიქტი მოქალაქეებთან, რომლებიც მეგრული ენისადმი და სამეგრელოსადმი მის მიდგომას აპროტესტებენ, ადრე მხოლოდ მეგრულისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭების უფლებას ითხოვდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ მოთხოვნას უკვე სამეგრელოს რეგიონისთვის პოლიტიკური სტატუსის მინიჭების მოთხოვნა დაემატა.
,,ლაივპრესის" ვიდეო.
მასალის გამოყენების პირობები






