1 სექტემბერს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობა“-მ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაარეგისტრირა ალტერნატიული წინადადება საარჩევნო კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დეტალურად გაიწეროს და დაკონკრეტდეს ისეთი ჩანაწერები, როგორიცაა: არჩევნების ფარულობის დარღვევა და შესაბამისი სანქცია:
ა) არჩევნების ერთერთი უმთავრესი პრინციპის - ფარულობის დარღვევის პრობლემა, რომელსაც ვხვდებით საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო კაბინიდან გამოტანილი შემოხაზული ბიულეტენის ჩვენება და კაბინაში ამომრჩევლის მიერ მის კუთვნილ ბიულეტენზე ფოტო/ვიდეო გადაღების წარმოება არჩევნების ფარულობის დარღვევის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითია. საარჩევნო ადმინისტრაცია განმარტებების დროს მას არ განიხილავს ფარულობის დარღვევად და ამომრჩევლის არჩევანს მიაწერს, მაშინ, როცა ყველა ჩართული მხარე, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, არჩევნების მთავარი პრინციპების - არჩევნების ფარულობისა და ნების თავისუფალი გამოვლენის სისტემურ დარღვევებზე. რეალურად, სწორედ ესაა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე კონტროლის ერთერთი მექანიზმი და არჩევნების კონსტიტუციური პრინციპის - ფარულობის დარღვევა, რითაც საშუალება აქვს ხელისუფლებას სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების, მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრების, პარტიული აქტივის საშუალებით აკონტროლოს მოქალაქეების არჩევანი.
საარჩევნო კოდექსში უნდა ჩაიწეროს ნორმა, რომლის მიხედვითაც, კენჭისყრის დღეს შესაძლებელი გახდება გამოყენებულ იქნას სანქცია, ამომრჩეველთა მხრიდან ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნული სანქციების თაობაზე ამომრჩეველთა ინფორმირება შესაძლებელს გახდის ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის პრევენციას, კერძოდ:
1) კანონში გაჩნდება იმპერატიული ჩანაწერი, რომ „აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის ნებისმიერ ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“
2) კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 მეტრის რადიუსით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია, ნებისმიერი სახის შეკრება, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ზემოქმედების მოსახდენად აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“
3) დაკონკრეტდება კანონში უკვე არსებული ჩანაწერი და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღების აკრძალვის დარღვევაზე მიეთითება, რომ აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
4) კანონში გაჩნდება იმპერატიული ჩანაწერი, რომ „დაუშვებელია საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის გასაჯაროება, როგორც უშუალოდ ამომრჩევლის, ასევე სხვა პირის მიერ ნებისმიერი ფორმით“, ვინაიდან აღნიშნული ქმედება, ძირითადად მიმართულია, ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს ჩანაწერი მოახდენს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციას.
5) კანონში გაიწერება პროცედურა, კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ: „ამომრჩევლის ბიულეტენი გაფუჭებულად ჩაითვლება, თუკი ამომრჩევლის მიერ დაირღვა არჩევანის ფარულობა ან/და ამომრჩეველმა გაასაჯაროვა საკუთარი არჩევანი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი ჩამოართვას ამომრჩეველს და ამ კანონით დადგენილი წესით გადასცეს მას ახალი ბიულეტენი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, დაეწერება “გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება. აღნიშნული ამომრჩევლის მიმართ კომისია ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება ამომრჩევლის სახელი, გვარი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რიგის ნომერი, ფარულობის დარღვევის გარემოება, დარღვევის ჩადენის თარიღი და ზუსტი დრო, აქტს ხელს აწერენ კომისიის წევრები და თავმჯდომარე. აღნიშნულ აქტს სარეგისტრაციო ჟურნალსა და ჩანაწერთა წიგნში არეგისტრირებს კომისიის მდივანი და კენჭისყრის დასრულების შემდგომ იგი გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ დოკუმენტაციას მისი მიღების მომდევნო დღეს გადასცემს შესაბამის ორგანოებს. შესაბამისი ორგანოები ვალდებული არიან, ამ კანონის მიზნებისათვის გამოიკვლიონ დარღვევის გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამოსავლენად.
აღნიშნული პროცედურა უზრუნველყოფს დამრღვევის იდენტიფიცირებას, დარღვევის ჩადენის გარემოებათა დადგენას და შესაბამისი სამართლებრივი წარმოების დაწყებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6) კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე_13 მუხლით განსაზღვრულ არსებულ წესთან ერთად, საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული ჯამური ხმების შესაბამისად საარჩევნო კომისიებში დასანიშნი წევრების რაოდენობების გამოანგარიშებას.
7) საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ კანონის ამოქმედებისთანავე და კენჭისყრის დღეს უზრუნველყოს, ამ კანონით გათვალისწინებული ფოტოვიდეოგადაღების წესების დარღვევისა და კაბინიდან გამოსული ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის გასაჯაროების პროცესთან დაკავშირებული წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება და კენჭისყრის კაბინაში საინფორმაციო სტიკერების განთავსება.
8) ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, მათ შორის ნებისმიერ ფორმით ამომრჩევლის აღრიცხვა (ამომრჩევლისათვის პირადობის მოწმობის ან/და მისი ასლის მოთხოვნა/ჩამორთმევა, ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიებით მანიპულირება), ამომრჩევლის ნებისმიერი ფორმით იდენტიფიცირება და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის (მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის) მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ანდა მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“.
მასალის გამოყენების პირობები






