მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, ეკონომიკა და განათლების სისტემა, - შვიდი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ამ საკითხებზე სასაუბროდ შეიკრიბა.
"გირჩის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრას "ევროპული საქართველოს", "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლის", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო," "მოქალაქეებისა" და "ლელო საქართველოსთვის" წევრები ესწრებოდნენ.
გთავაზობთ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეთანხმების ჩამონათვალს:
მართლმსაჯულება
შსს -პოლიცია უნდა იყოს დეცენტრალიზებული და შინაგან საქმეთა მინისტრს ჩამოსცილდეს საპოლიციო ფუნქციები. თვითმმართველობის ფარგლებში, აირჩევიან პოლიციის შერიფები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მათი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს. უნდა შეიქმნას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიურო.
სუს-ი - ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური პოლიცია. სუს-ი უნდა დაიშალოს და მისი ფუნქციები გადანაწილდეს რამდენიმე ორგანოზე. შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო.
პროკურატურა - ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულს უფლება აქვს, აირჩიოს, რომ მისი ინტერესები სასამართლოში სახელმწიფო პროკურორის ნაცვლად დაიცვას ადვოკატმა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ასრულებს ბრალმდებლის ფუნქციასაც. პროკურატურას უნდა ჩამოსცილდეს გამოძიების, მასზე ზედამხედველობის ფუნქციები და უნდა დარჩეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება. შეიქმნას ანტიკორუფციული პროკურატურა.
განათლება
კერძო განათლების სფერო სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება. საჯარო სკოლებს ფინანსური და მმართველობითი ავტონომია მიენიჭებათ.
რესტიტუცია
დაურეგისტირებული მიწების ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად. დაურეგისტირირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია, და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად. სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად.
მთავრობა და ბიუროკრატია
არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%–ს. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში უნდა იქნას შემუშავებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები.
როგორც "მთავარისთვის" გახდა ცნობილი, ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმებას ხელს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოაწერენ. აღნიშნული ცვლილებები არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "გირჩის" მაგიდის იგვლივ შეკრებილი ოპოზიციური პარტიები გარკვეულ შეთანხმებამდე მივიდნენ. 2020 წლის 13 მარტს მათ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლის პირობა დადეს და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმეს. მაშინ ამ მემორანდუმს ხელი 17-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა.
მასალის გამოყენების პირობები






