ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში წირვას დაესწრო, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო წაუძღვა.
ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის უნდობლობა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ არსებობს, უნდა დასრულდეს. ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს სჭირდება თანასწორი, ღირსეული და სამართლიანი გარემო.
„დღეს ვესწრებოდი წირვას ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში, რომელსაც უძღვებოდა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო.
საქართველო ოდითგანვე მრავალეთნიკური და მრავალ რელიგიური ქვეყანაა. სწორედ ეს მულტიკულტურული მოზაიკაა საქართველოს სიმდიდრე და სახელმწიფოებრივი ფუნდამენტი.
საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულნი ვართ დავასრულოთ რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების საფრთხის ჭრილში დანახვა და მათ მიმართ უნდობლობა. უნდა დასრულდეს ხელისუფლების არასეკულარული მიდგომები, სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნის პრობლემები.
ჩვენ, საქართველოს ყველა მოქალაქეს – განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, გვჭირდება თანასწორი, ღირსეული და სამართლიანი გარემო. სწორედ ამიტომ, მე ვიქნები ყველა ხმაწართმეული და დაჩაგრული ადამიანის ხმის გამტარი პოლიტიკასა და საჯარო სივრცეში!“ - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






