"ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტდევნილი და აქვს აბსოლუტური უფლება, დაბრუნდეს სამშობლოში.
„პატიოსნად გეტყვით, საერთოდ არ განვიხილავთ. გავყოთ ეს საკითხი ორ ნაწილად. ერთი ნაწილი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტდევნილი და აქვს აბსოლუტური უფლება, დაბრუნდეს თავის სამშობლოში, ისევე როგორც ნებისმიერ პოლიტდევნილს. ეს – „ორჯერ ორი ოთხია“. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ აზრით, მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკურ ძალები, რომლებიც დღეს იმყოფებიან საქართველოში და ჩვენი ხედვით, მიშვნელოვანია, ამ ძალებს, ოპოზიციურ ძალებს შორის იყოს ერთობა, მოლაპარაკება, კონსოლიდაცია და გავაგრძელოთ ერთობლივი ძალისხმევა, ერთობლივი სტრატეგია, რათა 31 ოქტომბერს დავამარცხოთ ივანიშვილის ხელისუფლება.
ეს არის მთავარი ამოცანა. რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური განსჯის საგანი, მაგრამ მოდით, ეს განსჯა დავუტოვოთ ჟურნალისტებს, ექსპერტებს. თუ წამოვა, თუ ჩამოვა, თუ დააკავებენ, თუ ხალხი ქუჩაში გამოვა. ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე კომენტარების გაკეთებას. ამ თეორიულ „თუებზე“ დაყრდნობილ პოლიტიკურ დისკუსიაზე გადასვლა, ჩვენი აზრით, არის საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ყურადღება გადაიტანოს რეალური პრობლემებიდან და რეალური პოლიტიკური აჯენდიდან და აჯენდა არის ის, რომ შენარჩუნდეს ერთობლივი სტრატეგია." – განაცხადა თარხნიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






