სააგენტო "დოსიეს" მიერ გავრცელებულ დოკუმენტირებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრემლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეხმაურება.
კილაძის თქმით, მას ბევჯერ სმენია ბრალდება მმართველ გუნდზე, რომ პრორუსულია.
მისივე განცხადებით, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ საკითხზე, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ქართული ოცნებისთვის კი მიუღებელია პარტია, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს.
"ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან ოკუპანტისგან ფინანსდება. ეს კანონის დარღვევაა პირველ რიგში, მაგრამ მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, ოკუპანტი ქვეყნისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას, მითუმეტეს პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკური პარტია და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია იმის, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. მე ძალიან ხშირად მომისმენია ქართული ოცნების მიმართაც ეს ბრალდებები, რომ არის პრორუსული", - თქვა კილაძემ ჟურნალისტებთან.
ის ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას მიერ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით სარჩელის შეტანასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ხოშტარიას მაშინ გახსენებოდა რუსეთის ოკუპანტობა, როცა "ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა".
მასალის გამოყენების პირობები






