დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება - ოპოზიცია "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსი"კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.
"ნორმალურ სახელმწიფოში, როდესაც ამგვარი დაფინანსების შესახებ გახდებოდა ინფორმაცია ცნობილი, დაუყოვნებლივ დაინტერესდებოდა ამ საკითხით არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ ასევე პროკურატურა, რადგან საქართველოს კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის ფინანსური სახსრების შეღწევას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს, როდესაც ხდება პირდაპირ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი იქნებოდა "პოატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე კი მიიჩნევს, რომ გავრცელებული დოკუმენტები ცხადყოფს არა მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის", არამედ მმართველი პარტიის გეგმებსაც.
"პოლიტიკური პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ღიად იყო ასოცირებული "ქართულ ოცნებასთან", რომელსაც "ქართული ოცნება" ღიად მოიაზრებს თავის კოალიციურ პარტნიორად, ფინანსდება რუსეთიდან. ეს არის საფუძველი არა მარტო ინაშვილის არჩევნებიდან მოხსნის, არამედ იმის გააზრების, თუ რას აკეთებს "ქართული ოცნება" და რა ამოცანები აქვთ ამ არჩევნებში", - განმარტავს კაპანაძე.
მასალის გამოყენების პირობები






