„სწორედ ეს არჩევნები უნდა გახდეს უფრო სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემის საფუძველი - " ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ქვეყანაში - საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და ატარებს სამართლიან არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით - გვსურს რომ ეს ყველამ ნახოს და შეაფასოს" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გარდაბანში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა.
არჩილ თალაკვაძემ მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეფექტურად ახერხებს ვირუსის შეკავებას და ეს შესაძლებელი თითოეული მოქალაქის მხარდაჭერამ, მოთმინებამ და სახელმწიფოებრივმა მიდგომამ გახადა.
არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება" მომავალზე ორიენტირებული პარტიაა, რომელსაც ჰყავს გამოცდილი გუნდი, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერით, შეუძლია, მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა.
„არგუმენტები, რისთვისაც საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას", არის ძალიან მკაფიო. „ქართულმა ოცნებამ" ყველაზე უკეთ შეძლო მშვიდობის და სტაბილურობის დაცვა ქვეყანაში. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით ზრუნვა ადამიანის ჯანმრთელობაზე და ადამიანის უფლებების დაცვა. ბიზნესი დღეს არის თავისუფალი და მეწარმეებს აქვთ მაქსიმალური ხელშეწყობა. „ქართულმა ოცნებამ", ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა სახელმწიფომ შეძლო, პრაგმატული, პროგრესული და სახელმწიფოებრივი საგარეო პოლიტიკის გატარება, რის შედეგადაც დღეს ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროპაში. ჩვენი შექმნილი პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროკავშირში, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება და უფრო ძლიერი ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






