პრემიერ-მინისტრი გარდაბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენისას სიტყვით გამოვიდა.
პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ კეთდება, სერიოზული პრობლემები გვაქვს წყალმომარაგებაში, მაგრამ ეს პროცესები გრძელდება. წლების განმავლობაში, მაგალითად კუმისის წყალმომარაგება იყო პრობლემა, ეს პროცესი დაწყებულია და დასრულდება. საირიგაციო, სარწყავი წყლები არის ნაწილობრივ პრობლემა და ესეც დაწყებულია და უნდა გავაკეთოთ. არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ვართ შეუცდომლები, მაგრამ ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ყველაზე კარგად ვიცით, რა უჭირს ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ რეგიონში, ქალაქში, დაბაში, მუნიციპალიტეტში და სოფელში. ზუსტი გეგმა გვაქვს იმის, რა უნდა გავაკეთოთ, ისევე, როგორც გარდაბანში. აქაც არ ვამბობთ იმას, რომ პრობლემები არ არის. არის ეს პრობლემები, მაგრამ გუნდია, რომელმაც ეს პრობლემები იცის სად არის და როგორ უნდა აღმოფხვრას. ეს არის რაზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და უნდა ვიცოდეთ, რომ ქვეყანა დღეს არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უკეთესი, ვიდრე დღეს. ეს შრომა, პირველ რიგში, მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ჩვენს ბავშვებს მივცეთ უკეთესი განათლება და გავატაროთ სისტემური რეფორმა განათლებაში. ჩვენი მოხუცები და პენსიონერები იყვნენ უფრო დაფასებულები. ჩვენს ახალგაზრდებს შეეძლოთ და სახელმწიფომ შეუქმნას პირობები, რომ საკუთარი თავის თვითრეალიზებით არჩინონ თავიანთი ოჯახები და ხვალინდელი დღე გახადონ უკეთესი, ვიდრე იყო დღევანდელი. ეს არის ჩვენი ძირითადი პრინციპი და თქვენ ყველანი კარგად ხედავთ, რომ გზები, ის სისტემური ინფრასტრუქტურა, რომელიც საბაზისოა - გზა, წყალი, გაზი - ეს ყველაფერი დღითიდღე კეთდება და ყოველდღე არის უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






