19 წლის ფეხბურთელის მკვლელობა - გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ბრალდებულ არასრულწლოვანს სასამართლო პროცესის ხელოვნურად გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო ისეთი მძიმე, რომ დღევანდელი პროცესი ვერ გაგრძელებულიყო.
"გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელმაც შეამოწმა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორც ექიმებმა განაცხადეს, ზ.ხ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლეოდა შესაძლებლობას გაგრძელებულიყო პროცესი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდებულმა დატოვა სასამართლო პროცესი" - ამბობს საქმის პროკურორი დავით ყაზაიშვილი.
პროკურორის განცხადებით, იმის გამო, რომ ბრალდებულმა საკუთარ ადვოკატსაც მოუწოდა სხდომა დაეტოვებინა, მას სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.
"დღევანდელი პროცესის გარემოებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გაჭიანურდეს პროცესი და მათ რაიმე გზით გაიყვანონ 6-თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვს ბრალდებულს.
ტყუილად რომ არ მომხდარიყო მოწმეების სასამართლოში მოყვანა და თავიდან ავირიდიოთ ასეთი შემთხვევები, სახელმწიფოს ხარჯზე დაინიშნა ადვოკატი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადვოკატი, რომელიც მის ინტერესებს იცავს, ვერ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო პროცესებზე. ის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნულ ადვოკატთან ერთად განაგრძობს ბრალდებულის დაცვას” - ამბობს დავით ყაზარაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






