დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, დედაქალაქში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება.
თბილისის მერის თქმით, სამუშაოები ვერ იწყება მათ შორის წერეთლის, ქეთევან წამებულისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე. ასევე, დაწყებული არ არის მუშაობა ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტზე.
"საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონდა 2020 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, თუმცა სამწუხაროდ, პანდემიის გამო, გარკვეულ პროექტებს ჯერ ვერ ვიწყებთ. ასეთი პროექტებია მაგალითად წერეთლის გამზირი, რომლის რეაბილიტაციაც გვქონდა დაგეგმილი, ასევე ქეთევან წამებული გამზირი, ვაჟა-ფაშაველა, ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით გადამსვლელი ხიდის პროექტის განხორციელება, ვეფხი და მოყმეს მიმდებარე ტერიტორიის მთლიანად განახლება და მოწესრიგება. ამ პროექტებს, რომელიც უკვე უნდა დაგვეწყო და განხორციელება მომხდარიყო, ამ ეტაპზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, ვერ ვიწყებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში, შესაძლებელი იქნება ამ პროექტების განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






