პროკურორები დღეს ვანო მერაბიშვილის პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხას წარმოადგენენ. ბრალდების მხარის მოწმეთა შორის, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდელებიც არიან. ასევე ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი და საპატრულო დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გოგა გრიგალაშვილი არიან.
მოწმეთა შორის არის რამდენიმე ჟურნალისტიც. პროკურატურის მტკიცებულებათა ნუსხაშია ტელეკომპანია "იმედიდან" და "მაესტროდან" ამოღებული ვიდეომასალა.
პროცესზე მტკიცებულებათა ნუსხას დაცვის მხარეც წარმოადგენს, შემდეგ კი მოსამართლე ამ მტკიცებულებების დაშვება-არდაშვების საკითხს განიხილავს.
ამასთანავე, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა შორისაა სხვადასხვა პირების სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი "ბ" და "გ" ქვეპუნქტი) ედება.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ ვანო მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






