„ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“, რომელსაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ საკუთარი გვერდი აქვს გახსნილი, სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და ზესტაფონში მომხდარ შემაძრწუნებელ ფაქტზე წერს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, სოფელ არგვეთაში მამაკაცმა ორი წლის კავკასიური ნაგაზი, სახელად ბიბი, ორლულიანი თოფით მოკლა, შემდეგ კი თავი მოაჭრა და ფოტო გადაიღო. „ცხოველთა გადარჩენის ფრონტი“ წერს, რომ ძაღლის მეპატრონემ ლეილა კიკნაველიძემ დახმარება სწორედ ამ ორგანიზაციას სთხოვა:
„დღეს შემოვიდა ინფორმაცია - შოკისმომგვრელი ფაქტი! კერძოდ, 11 ნოემბერს ზესტაფონის რ-ნის სოფ. არგვეთაში მოქ. თ.ხ.-ძემ (ვინაობა სრულადაა დასახელებული, თუმცა, უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, „ნიუპოსტი“ თავს იკავებს მისი დასახელებისგან) ორლულიანი თოფით მოკლა ორი წლის კავკასიური ნაგაზი-ხვადი, ბიბი, შემდეგ ნაჯახით თავი მოაჭრა და სიამაყის გრძნობით სურათიც გადაიღო. ძაღლის მფლობელი შოკირებულია. ლეილა კიკნაველიძემ შუამდგომლობა გვთხოვა. ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის სახელით მივმართავთ პროკურატურას რათა საქმე აღიძრას სისხლის სამართლის 259-ე მუხლით და დამნაშავე დაისაჯოს. იმედია, ეს ფაქტი იქნება სამაგალითო და ყველას ეცოდინება, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, - აცხადებს ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენელი ვახტანგ მამალაძე.
ფოტოსა და ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტმომხმარებელთა განხილვები მოჰყვა. უმრავლესობა ფოტოზე აღბეჭდილი პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ფოტოზე გამოსახული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა, სადაც მითითებულია:
„1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.
მასალის გამოყენების პირობები






