საქართველოს მთავრობის N149 დადგენილება - მთავრობა სტაციონარულ კლინიკებს მიმდინარე წლის დეკემბრამდე, ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური ბაზის განახლებას ითხოვს.
კლინიკის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ეს დადგენილება მათზე მძიმედ აისახება. მათი თქმით, რეგულაციების შესრულება აუცილებელია, თუმცა ასეთ მოკლე პერიოდში თითქმის შეუძლებელი.
„თუ კლინიკა არის კარდიოლოგიური, აღნიშნული რეგულაციებით, მას უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი საოპერაციო, უახლესი სავენტილაციო სისტემები, მაღალტექნოლოგური ტომოგრაფიის აპარატი. ამ ყველაფრის უზრუნველყოფას კი მინიმუმ 2 მილიონი ლარი ესაჭიროება“ - ამბობს კარდიოთერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ კაციაშვილი.
კლინიკების ხელმძღვანელების თქმით, მდგომარეობას ართულებს მთავრობის N520-ე დადგენილება, რომელიც საავადმყოფოებს ოპერაციებზე კონკრეტულ ფასებს უწესებს, რის შედეგადაც გეგმიური ოპერაციების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.
თემაზე განცხადება ოპოზიციაში გაკეთდა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ამ რეგულაციების დაცვა პატარა და საშუალო კლინიკებს გაკოტრების პირამდე მიიყვანს და არაჯანსაღ კონკურენტულ პირობებში ჩააყენებს.
„აღნიშნული რეგულაციების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შესრულება ძალიან ცუდად აისახება როგორც კლინიკის ასევე, პაციენტებისა და მათი ოჯახების ბიუჯეტზეც, რადგან ეს პროცესი აუცილებლად განაპირობებს ფასების გაზრდას“ - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე რომან გოცირიძე.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კლინიკების თხოვნას ამ ეტაპზე ვერ გაითვალისწინებენ და მათ 149-ე დადგენილებით გათვალისწინებული რეგულაციების შესრულება დეკემბრამდე მოუწევთ.
მასალის გამოყენების პირობები






