,,წყევლა არ ითვალისწინებს იმას, რომ ეს არის განაჩენი ამ ადამიანებისთვის, მე ადრეც გამოვაქვეყნე 70 დეპუტატის სია,“- აცხადებს არქიმანდიტრი ბართლომე.
მისი თქმით, მას ყველა დეპუტატი არ დაუწყევლია და ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიდან წყევლა დაახლოებით 12 პირზე ვრცლდებოდა:
,,ამჯერად ,,ნაციონალური მოძრაობა არ დამიწყევლია, იცით რომ, პარტიაში ზოგი იმიტომ იყო, რომ მასწავლებლობა შეენარჩუნებინა, ზოგი სხვა მიზეზით, მათ რას ვერჩი, მგლის ხროვაში შედის შვიდი თუ თორმეტი,“- ამბობს მამა ბართლომე ,,პრაიმტამთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, მას ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას უშიშროების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. არქიმანდრიტი ამბობს, რომ სპეცსამსახურები სხვა სასულიერო პირების საქმიანობითა და ცხოვრებითაც ინტერესდებოდნენ:
,,მიდიოდა ყველა სასულიერო პირის სატელეფონო საუბრის ჩაწერა, რომელიც შემდეგ ჩაწერილიცა და დაწერილიც მინახავს,“-ამბობს სასულიერო პირი. მისივე განცხადებით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ უსმენდნენ:
,,ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობაზე ვიყავი, მეორე დღეს, დილის 10:00 მოდის ჩემთან პოლიციელი, კარგი ახალგაზრდა, ცოტა შეშინებული იყო, როგორც ჩანს, დალაპარაკების შეეშინდა, რომ არავის მოესმინა, შეიძლება იცოდა, რომ მოსასმენი აპარატი იყო ჩემთანაც დამონტაჟებული, და გადაწყვიტა ფურცელზე დაეწერა თავის სათქმელი.
თქვენთან საუბარი მინდა, მაგრამ სახლში არა, გარეთ გავიდეთო. ვუთხარი, რომ აზრი არ ჰქონდა. ჩემს მეზობლად ბლოგბასტერი ცხოვრობს და 24 საათიანი ჩაწერა მიმდინარეობს-მეთქი, მაშინ სააბაზანოში შევიდეთო.
შევედით სააბაზანოში და ამ კაცმა წყალი მოუშვა. მითხრა, გითვალთვალებენო, შეიძლება მოსასმენი აპარატურაც არის დამონტაჟებული შენს სახლშიო. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, რომ გარედანაც გისმენდნენო.
ამის შემდეგ ჩემი მონაცემები ჩაიწერა, მერე ისევ შევედით სააბაზანოში, ფურცელი მომცა, სადაც ეწერა, რომ მე ვარ არაიდენტიფიცირებული პირი და ამიხნა, რომ ჩემით ,,კუდ“-ი იყო დაინტერესებული, იმიტომ რომ, მისი თქმით, მე ვიყავი პოლიტიკურად ჰიპერაქტიური მღვდელი...“-ჰყვება არქიმანდრიტი.
მისი თქმით, ის ივანიშვილს საჩხერიდან იცნობს, პირველად 2000 წელს შეხვდა და ავტომობილი მიიღო საჩუქრად. შემდეგ კი არქიმანდრიტმა შეახვედრა ივანიშვილი პატრიარქს, შეხვედრაზე წმინდა სამების სახელობის ტაძრის მშენებლობაზე ისაუბრეს, თუმცა, როგორც სასულიერო პირი ამბობს, სააკაშვილისადმი მას უარყოფითი დამოკიდებულება 2006 წლიდან გაუჩნდა და პოლიტიკაში ორი წლის უკან გამოჩენილი ივანიშვილის ნაცნობობასა და კეთილგანწყობას არ უკავშირდება:
,,სააკაშვილისადმი ასეთი დამოკიდებულება უკვე 2006 წლიდან მქონდა...არავის გამოჩენას არ უკავშირდება. ვლოცულობდი ამისთვის. ჩვენ მონაზვენები და ბერები ყოველდღე ვკითხულობთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელს, სადაც ასეთი სიტყვებია : ,, გიხაროდენ, მძლავრთა კაცთმოძულეთა მთავრობისა განმწმენდელო.“-ვიღაცა მეტყვის, რომ ახლა ეს წყევლა არ არის. განსაკუთრებით ამ მუხლს ყოვედღე ვკითხულობდი არავის გამოჩენას არ უკავშირდება, ეს ჩემი პირადი განცდა და ემოცია იყო,“- ამბობს არქიმანდრიტი.
მისი თქმით, მას პოლიტიკაში ჩარევა არ სურს, მაგრამ ეს ზოგჯერ გარკვეული მიზეზების გამო არ გამოსდის:
,,თუ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, თუ მაქვს უფლება ხმა მივცე არჩევნებში, ე.ი. მე ვირჩევ რაღაც პოლიტიკურ გუნდს და პოლიტიკაში, ნებსით თუ უნებლიედ, ვმონაწილეობ“,-ამბობს არქიმანდრიტი ბართლომე.
მასალის გამოყენების პირობები






