როგორც ,,ნიუპოსტს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა „შერატონ მეტეხი პალასში“ 12:00 საათზე დაიწყება და მას მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი წარუძღვება. განხილვას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ფილიპ დიმიტროვი, შვეიცარიის ელჩი გიუნტერ ბეხლერი, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ქეით ჯულიანი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში, ანდრეა ქერბსი და საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართება.
თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა და ის განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. კოდექსის თანახმად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა; თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები; სოფლებში განსაზღვრულია საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა; გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიური ორგანო, რომელიც ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თვითმმართველი ერთეულების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. ასევე, განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს.
თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა და მისი საკომიტეტო მოსმენები უახლოეს მომავალში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები






