ზუგდიდში მომხდარ პატრულ-ინსპექტორის დაჭრის ფაქტს, „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას, ანა ძაპტაშვილის დედა ეხმიანება, რომლის გაუპატიურებაც გოგა ანჩაბაძემ სცადა, შედეგად კი მისმა მეუღლემ, კახა გულორდავამ მეჯვარეს ყური მოაჭრა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ანა ძაპტაშვილის დედა, რუსუდან ლომაია დეტალებს იხსენებს:
„გოგა ჩვენთან რომ მოვიდა, თქვა, ნასვამი ვარო, მაგრამ სასმელის სუნი არ ასდიოდა. გვითხრა, ჩხოროწყუდან მოვდივარ, ღვინო გამომატანესო. წინა სავარძელზე ედო ღვინო. ანას უთხრა, უკან დაჯექიო. ჩემი შვილიც გაჰყვა. შინ შევბრუნდი და სუფრის გაშლა დავიწყე. ერთ საათში სახეშეშლილი ანა დაბრუნდა. ფეხსაცმლის ქუსლი მოტეხილი ჰქონდა, თმა გაწეწილ-ამოგლეჯილი.
მითხრა, გაუპატიურება დამიპირა, თავი ძლივს დავიხსენიო. მერე კი მოგვიყვა, თურმე გოგა მანქანას გიჟივით მიაქროლებდა, კინაღამ ავარიაც მოახდინა. ცოტა ხნით ადრე, გოგას ცოლ-შვილი ავარიაში მოჰყვა, ბავშვს ფეხი ჰქონდა მოტეხილი. ჩემს შვილს ბავშვი მოუკითხავს. კარგად არის, უკვე ბაღში დადისო, უპასუხია გოგას. უცებ წერეთლის ქუჩაზე, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობასთან გაუჩერებია მანქანა. ანას უნდოდა ეკითხა, აქ რა გვინდაო - მაგრამ თქმაც ვერ მოასწრო, რომ ეცა - ღრიალებდა, დამნებდი, ხმა არ ამოიღოო.
კარების ჩაკეტვა უცდია, მაგრამ ანამ მოახერხა, კარი გააღო და გარეთ გამოვარდა. იმ ტერიტორიაზე დევნილები ცხოვრობენ და მათ იხსნეს ჩემი შვილი. ქალმა დაინახა, კაცი როგორ არტყმევინებდა მანქანის კაპოტზე გოგოს თავს. თურმე კეფაში ურტყამდა მუშტს, ანას თმის ბღუჯა ხელში შერჩენია მოძალადეს. ქალმა კივილი მორთო, სხვებიც გამოცვივდნენ ოთახებიდან და იმ მხეცს ხელიდან გამოჰგლიჯეს ჩემი შვილი.
ის მაინც მისდევდა და წართმევას უპირებდა. თურმე გაიძახოდა, ჩემი ქალია, თავი დაგვანებეთ, თქვენ ვინ გკითხავთო. ანა კი ყვიროდა, ტყუის, მეჯვარეა და მოტყუებით წამომიყვანა, კახას ყველაფერს ვეტყვი და მოგკლავსო. ის გარეწარი ხალხის თვალწინ ეუბნებოდა თურმე, თუ გინდა, სისხლი დაიღვაროს, უთხარი და ქმარს მოგიკლავო. დევნილებს მისი ცემა დაუპირებიათ, მაგრამ ანას უთქვამს, პოლიციელია, ხელი არ დაარტყათ, თორემ პროვოკაციას მოაწყობსო. მერე ტაქსით გამოუშვიათ ანა”, - ყვება „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ანა ძაპტაშვილის დედა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში პატრულ ინსპექტორ გოგა ანჩაბაძეს კახა გულორდავა 12 ნოემბერს ფიზიკურად გაუსწორდა. ანჩაბაძემ გულორდავას ორსული მეუღლის, ანა ძაპიტაშვილის გაუპატიურება სცადა. ანჩაბაძე ამავე დროს კახა გულორდავას მეჯვრე გახლდათ.
გულორდავა მომხდარიდან რამდენიმე საათში თავად მივიდა სამართალდამცავ ორგანოში ადვოკატთან ერთად და ჩაბარდა
. სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გოგა ანჩაბაძე ქუთაისში, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგაც არის აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები






