„თელასის“ მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით 2006 წლიდან მსჯავრდებული ნიკა გვიჩიანი, რომლის სასამაღთლო პროცესი დღესაა ჩანიშნული, მიმართვას ავრცელებს:
"2006 წლის 7 მარტიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში, შეთითხნილი ბრალდებით. ე.წ. სასამართლო განხილვა ჩატარებული იქნა საპროცესო ნორმების უპრეცედენტო დარღვევებით. უკანონო და აბსურდული განაჩენით, მოსჯილი მაქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის არსებითი განხილვა, სადაც ჩემი და ნიკა ჩემიას უდანაშაულობა უნდა დამტკიცდეს. თხოვნით მივმართავ სახალხო დამცველს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ყველა არასამთავრებო უფლებადამცველ ორგანიზაციას, მოავლინონ წარმომადგენლები პროცესზე და განახორციელონ მონიტორინგი.
ასევე თხოვნით მივმართავ ყველა საინფორმაციო საშუალების ხელმძღვანელს, მოავლინონ ჟურნალისტები სასამართლო პროცესზე, რათა საქმის განხილვა მოხდეს გამჭვირვალედ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს საქმის ყველა გარემოება, რაც გარანტია იქნება საქმის ობიექტური განხილვისა. დარწმუნებული ვარ, სამართალი აღსრულდება", - აღნიშნულია მიმართვაში.
"თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად გია გვიჩიანი სცნეს და 2006 წელს დააკავეს.
გვიჩიანი "თელასში" ექსპერტად მუშაობდა. უვადო პატიმრობაში მყოფი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ სცნობს და დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები






