ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი პირველი პირის ინაუგურიზაციისა თუ კორონიზაციის დროს, რაც უნდა საგულდაგულოდ მომზადებული იყოს ცერემონია და რამდენი გენერალური რეპეტიციაც უნდა ჰქონდეთ გავლილი, მის მთავარ თუ მეორეხარისხოვან მონაწილეებს, როგორც წესი, კურიოზები გადახდებათ ხოლმე და გამონაკლისი არც თბილისში გამართული, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია იყო.
კურიოზების უმრავლესობა პირდაპირ ეთერშივე იყო შესამჩნევი, ზოგი კურიოზი თავად მათ აღიარეს გულახდილად, ვისაც ის შეემთხვა, ზოგს კი საზოგადოების „მოცლილი“ ნაწილი მოგვიანებით, კადრების საგულდაგულო გადახვევა-გადაჩხრეკის შემდეგ ჩაუღრმავდა.

ინაუგურაციაზე პირველი კურიოზი თავად ახლადარჩეულ პრეზიდენტს შეემთხვა: ფიცის დადების შემდეგ, როცა გაერთიანებული შტაბის უფროსმა პატაკი ჩააბარა, გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და სამხედრო მისალმების უფლება აქვს, სმენაზე გაჭიმული შტაბის უფროსისთვის სამხედრო სალამი არ დაუბრუნებია, ხოლო უკვე შემდეგ, როცა ძნელაძე პრეზიდენტს მოწყობილი პირადი შემადგენლობის მისასალმებლად გაუძღვა, გიორგი მარგველაშვილმა ტრიბუნას მარცხნიდან შემოაუარა, პირდაპირ გააგრძელა გზა და ტრიბუნის წინ, სცენაზევე გამოსახულ სახელმწიფო გერბს, ძალაუნებურად, ფეხიც დააბიჯა.
რაც შეეხება პირად შემადგენლობასთან შეხვედრას, მარგველაშვილმა თავიდანვე არჩეული მანერა გამოიყენა - თავის დაკვრა სამხედრო სალმის ნაცვლად.

პირდაპირ ეთერში კარგად გამოჩნდა, რომ გაერთიანებული სამხედრო შტაბის ვიცე-პოლკოვნიკმა მათიაშვილმა, მას შემდეგ, რაც მარგველაშვილის მოახლოებისთანავე მის უკან მდგარი პირადი შემადგენლობისთვის გასცა ბრძანება „სმენა!“ უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო სალამი არ მისცა და „სმენაზე“ ხელებჩამოშვებული დარჩა.
წესით და რიგით, მათიაშვილი მარგველაშვილსა და ძნელაძეს სამხედრო ყაიდაზე - მარჯვენა ხელი საფეთქელთან -

უნდა მისალმებოდა: პრეზიდენტი ერთადერთი სამოქალაქო პირია, რომლის მიმართ სამხედრო მისალმების ვალდებულება აქვს ყველა სამხედრო პირს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მას (სამხედრო პირს) ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და სამხედრო ფორმის თანმხლები ქუდი არ ახურავს.
ამასთან, პრეზიდენტს, როგორც სამოქალაქო პირს, აუცილებლად არ მოეთხოვება სამხედრო სალამი, მაშინ როცა იგივეს ვერ ვიტყვით სამხედრო პირზე, რომელიც, წოდებისა და თანამდებობის მიუხედავად, უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე წარდგომისას ვალდებულია, მას სამხედრო ყაიდაზე მიესალმოს. სხვათა შორის, ვიცე-პოლკოვნიკი მათიაშვილი ერთადერთი იყო, ვინც ეს მოთხოვნა (სამხედრო მისალმების) დაარღვია.

ინაუგურაციაზე კურიოზი თავდაცვის მინისტრის მეუღლესაც შეემთხვა: ირაკლი ალასანიას გვერდით მჯდარ ნათია ფანჯიკიძეს, მისივე მანერების მიხედვით, ჯერ წინდა უშლიდა ხელს, შემდეგ კი, როგორც თავად განაცხადა, ორჯერ გასძვრა ფეხსაცმელი და ირაკლი ალასანია მიეშველა:
„ორჯერ გამძვრა ფეხსაცმელი. აი სულ ასე, თავგადასავლებით აღსავსეა ჩემი საოზგადოებაში გამოსვლა. მაგრამ პრინცი მახლდა და ეს იყო კარგი ამბავი“, - თქვა ნათია ფანჯიკიძემ.
შენიშვნა: ბოლო ფოტო -"ინტერპრესნიუსი"
მასალის გამოყენების პირობები






