თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან. მისი თქმით ზეწოლა ხორციელდება მისი შვილების მისამართითაც.
„ჩემს მიმართ თვალთვალი კარგად ორგანიზებულია. დარღვეულია ყველანაირი ზომიერება. ასეთი შეურაცხყოფა, პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა არ მინახავს. პიროვნული კი არა უკვე ოჯახის წევრებზე არიან გადასული. ეს ხდება როგორც სოციალური ქსელების, ისე პირადში მიმოწერის საშუალებით. გარდაცვლილ მამაჩემსაც გადასწვდნენ და აგინებენ, რომ ეგეთი შვილი ვყოფილვარ, მარიამ ჯიშკარიანსაც ხომ ლანძღავენ. ჩემი არასრულწლოვანი 14 წლის შვილის და სრულწლოვანი 23 წლის გოგოს მიმართაც ხორციელდება ზეწოლა. ისეთ რაღაცებს კადრულობენ ბავშვი ჭკუაზე აღარ არის. ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩემზე გავლენა მოახდინონ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ეწევიან. ოფისთანაც კი დავაფიქსირე, რომ მითვალთვალებდნენ და მობილურით მაფიქსირებდნენ, მაგრამ გამექცნენ. ასეთი მასშტაბური ზეწოლა მე არ მინახავს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






