ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი მიმართვას ავრცელებს. მიმართვა ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ დავით სერგეენკოს ეხება და მის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება.
„ა.წ. 21 და 26 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემებში „არენა“ და „იმედის კვირა“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო და გადაცემის სხვა მონაწილეები საუბრობდნენ დავითის უდიდეს დამსახურებაზე საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამების ინიცირებასა და განხორციელებაში, „მის მიერ გადარჩენილ ათეულ ათასობით სიცოცხლეზე“. დავითმა ლამის COVID-19-იც მიიწერა. ამავე დროს დავითმა თქვა ძალიან ნიშანდობლივი ფრაზა, რომ ჯანდაცვაში მინისტრს „მარტო არაფრის გაკეთება არ შეუძლია“, ხოლო „გაფუჭება კი ბევრი რამის შეუძლია"
მინდა, დაბეჯითებით ვთხოვო დავითს, დააკონკრეტოს „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ (რასაც ქვეყანა ახლა იმკის) მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, კონკრეტულად რა დამსახურება აქვს მას C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ინიცირებასა და განხორციელებაში და „რა გაუფუჭა“ (რასაც ასევე ახლა ვიმკით) მან ამ პროგრამას. აგრეთვე, ვთხოვ, გვიპასუხოს, რატომ მიიყვანა სრულიად გამიზნულად ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას და როგორია მისი წვლილი იმაში, რომ ცენტრს, მის პერსონალს და პაციენტებს დღესაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა და რატომ გადაწყვიტა მან ისტორიაში შესვლა „ჰეროსტრატეს“ სახელით.
დავითის პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“, - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, საუბარია სეგეენკოს მიერ "იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან მისი მინისტრობის დროს განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
"ჯანდაცვაში ალბათ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დარგში მარტო მინისტრს არაფრის გაკეთება არ შეუძლია. გაფუჭება ბევრის რამის, მაგრამ გაკეთება მხოლოდ მინისტრს არ შეუძლია სუპერ მენეჯერი და სუპერ პოლიტიკოსი რომ იყოს, თუ არ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ არ იქნა მთლიანად სამთავრობო მხარდაჭერა" განაცხადა "იმედის" ეთერში ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა
მასალის გამოყენების პირობები






