სვანეთში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის დედის თქმით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ თვლის, რომ პოლიცია საკმარისად არ მუშაობს.
მისი თქმით, ჯერ არავის შეუმოწმებია კამერები, რომლითაც შეიძლებოდა დადგენა, გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა.
"მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. რაც შეეხება პოლიციას, მგონია, რომ საკმარისად კარგად არ მუშაობენ. რა ინფორმაციასაც მე ვიღებ, იმის მიხედვით, როგორც მუშაობენ, უბრალოდ წარმოუდგენელია. ჯერ კიდევ არ უნახავთ და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, იმ ვიდეოკამერების ჩანაწერების შესახებ, რომელთა მიხედვით უნდა გაირკვეს, გაიარა თუ არა ბავშვმა ის გზა. ერთადერთი კამერაა პოლიციის საგუშაგოსთან და 7 დღეა, ჯერ კიდევ არ შეუმოწმებიათ ეს ჩანაწერები. ასე არაფერი გამოვა. ჩემი ქმარი მაშველების კოორდინირებაშია ჩართული. მათთან ერთად ეძებს და ნაცვლად იმისა, ბავშვის ძებნა აცადონ, დაუსრულებლად იძახებენ განყოფილებაში. გუშინ იქ მთელი დღე გაატარა. არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ გამომძიებლის გვერდით იჯდა, რომელიც რაღაც საბუთებს ავსებდა. ჩემი აზრით, ეს მიუღებელია", - განაცხადა ქსენია ფილფანმა, ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას, რომელიც ამჟამად დუბაიში იმყოფება.
ამასთან, დაკარგულის მამა აცხადებს, რომ გაქცევამდე შვილთან "ცხოვრებისეული" კონფლიქტები ჰქონდა.
ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში დაკარგულ არასრულწლოვანს მეშვიდე დღეა ეძებენ.
მასალის გამოყენების პირობები






