ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, „აბსურდის თეატრი“ უწოდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.
დავით ზალკალიანმა განსხვავებული შეფასება მისცა აშშ-ს სენატის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებას და აღნიშნა, რომ მთავრობის მოწინააღმდეგ პოლიტიკურმა პარტიებმა უშედეგოდ სცადეს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ აქტში პოლიტიკური ინტერესების წარმოეჩინათ.
"თავისთავად ასე რომ უყურებენ საკითხს და არ ესმით, რა არის პრობლემა, ეს უკვე პოლიტიკური დიაგნოზია. იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, დღის წესრიგი უნდა გვქონდეს ის, როდის მოგვცემენ თავისუფალ ვაჭრობას, რომელიც ჩვენს გაჭირვებულ და საშუალო კლასის ოჯახებს დაეხმარება, რომ ეკონომიკა ამუშავდეს და სიღარიბის ზღვარზე არ იყვნენ; უნდა გვქონდეს საუბარი უსაფრთხოების თანამშრომლობის ნაწილში ურთიერთობის ხარისხობრივ გაღრმავებაზე, NATO-ში გაწევრიანების კამპანიის ახალ ტალღაზე და ა.შ.
ამის ნაცვლად დისკუსია არის იმაზე, რამდენად ჩიხშია საქართველო და ამ დოკუმენტში, რომელიც ბატონმა ზალკალიანმა იზეიმა, დიახ, საქართველოს, როგორც ქვეყანას, მხარს უჭერენ და ეს ძალიან კარგია, მაგრამ იქვე, იმ შესწორებაში, რომელიც ქვედა პალატაში დააყენეს, საუბარია კონკრეტული პირობის დაყენებაზე, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოდის და არ ღრმავდება კრიზისი სასამართლოს დამოუკიდებლობის, შერჩევითი სამართლის, კორუფციისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით"- განაცხადა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






