გია ხუხაშვილი: ისტორიის ამ ეტაპზე სასურველია ქვეყანაში დავიწყოთ მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთპარტიული მმართველობის ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს, რაც სამწუხაროდ ყოველთვის ძალაუფლების უზურპაციით მთავრდება, სასურველია, რაც შეიძლება გაშლილი იყოს პოლიტიკური სპექტრი და თუ კოალიციური ხელისუფლების აუცილებლობა გაჩნდება, ეს გარკვეულწილად დაგვაზღვევს ძალაუფლების უზურპაციისგან. აქ არის სირთულეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კოალიციური მთავრობის შემთხვევებში, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული პროცესია. იქიდან გამომდინარე, რომ შიგნით კოალიციაში ჭირს ხოლმე შეთანხმებები, ეს რა თქმა უნდა ასუსტებს ქვეყნის მართვის ეფექტურობას. მეორეს მხრივ, იდეალური არაფერია, პოლიტიკაში ასეა - ხშირად გვიწევს არჩევანი ორ ბოროტებას შორის.
_ შეცვლის პოლიტიკურ ველს ახალი პარტიების და ახალი აქტორების გამოჩენა?
_ უნდა შეცვალოს, გარდაუვალია თაობათა ცვლა. ეს არ მოხდება მეყსეულად, ვფიქრობ, რომ 2020 წლის არჩევნები იმის მიუხედავად, რომ დიდი მოლოდინებია, მაინც არის გარდამავალი არჩევნები. გარდამავალი ახალ სისტემაზე, ახალ რეალობაზე, რის შემდეგაც უნდა მოხდეს პოლიტიკური ელიტის მოზაიკის მოდერნიზაცია. ერთის მხრივ, ერთპროცენტვერგადალახული პარტიები უნდა გავიდნენ თამაშიდან, მეორეს მხრივ, პარტიები ისწავლიან კოორდინაციას და ერთმანეთთან თანამშრომლობას, იქიდან გამომდინარე, რომ საჭირო იქნება გადაწყვეტილების მიღება და მონოლოგების კაკაფონია იძულებით მაინც გადავა რაღაც ტიპის დიალოგში და მესამე, გარდაუვალია თაობათა ცვლა. პოლიტიკის შემდეგი ციკლი ახალი თაობის პოლიტიკოსების იქნება. ამ ეტაპზე ახალი თაობა სრულად ვერ ჩაანაცვლებს ძველს, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოხდება მნიშვნელოვანი გადახალისება. ასეთია ისტორიული მოთხოვნილება. ამას კარნახობს დღეს პოლიტიკური ბაზარი.
_ რა შანსები აქვთ ახალ პარტიებს 2020 წლის არჩევნებზე?
_ დღეის მდგომარეობით სხვადასხვა მიზეზების გამო, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას დიდი პრობლემები აქვს, მაინც ფლობს სერიოზულ უპირატესობას, ვერ ხერხდება ალტერნატიული ძლიერი ცენტრების ფორმირება, ძალაუფლების ძირითადი საკონტროლო პაკეტი მაინც ორპოლუსიანი რჩება. ახალ პარტიებს აქვთ გარკვეული შანსები, თუმცა მე ვფიქრობ, ჩვენ ვსაუბრობთ 5-6 პარტიაზე, ძირითადი ვინც ზუსტად ვიცით, რომ იქნება ბარიერს ზემოთ. ეს პარტიებია "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო," " პატრიოტთა ალიანსი" და "ლელო", ასევე ამას დაემატება ახალი პარტიებიდან 3-4 პარტია. მათ შორის მოქმედი დეპუტატების დაფუძნებული პარტია და კიდევ სხვა ახალი პარტია, ჩვენ ფაქტობრივად პარლამენტში გვეყოლება 7-8 პარტია და მთავარი ინტრიგა აქ მაინც არის სხვა რამეში - თუ საჭირო გახდა კოალიციის ფორმირება, მცირე პარტიებს მიეცემათ შანსი, რომ ივაჭრონ კარგი გაგებით, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხელში აღმოჩნდება ოქროს გასაღები, შესაბამისად, მათ შეეძლებათ ძალაუფლების საკმაოდ დიდი წილი ჩაიგდონ ხელში.
_ მუდმივად არის საუბრები ახალგაზრდული ენერგიის და ახალგაზრდების ჩართვაზე პოლიტიკაში, გამოჩნდა პარტია "რეფორმერი", როგორ შეაფასებთ მათ შემოსვლას პოლიტიკურ ველზე?
_ ამ პარტიას აქვს ორიგინალური მარკეტინგი და პოლიტიკურ ბაზარზე შემოვიდა ორიგინალური მარკეტინგული სვლებით, ეს არის აქტივობა სოციალურ ქსელში, ახალი ტექნოლოგიები შერჩევის პროცესში და ფორმირების პროცესში. გეტყვით "ლელოზეც" - იმის მიუხედავად, რომ "ლელო" ვერ ჩამოყალიბდა ძლიერ ცენტრად და ვერ ვითარდება იმ დინამიკით, მასშიც შეიმჩნევა ახალგაზრდობის აქტივობა და ეს კარგია.
- სხვათაშორის კანდიდატების საჯარო შერჩევა დაიწყო "რეფორმერმა" და შემდეგ აიტაცა ლელომ.
_ ასეთ დეტალებზე ვერაფერს ვიტყვი. კარგია, ბაზარზე ახალგაზრდებით დაკომპლექტებული პოლიტიკური ძალების გამოჩენა, როგორიც "რეფორმერია", მით უმეტეს, როდესაც პარტია მთლიანად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული და არა კომბინირებული, ძველი და ახალი სახეებით. მე არ მგონია, ამ პარტიებმა ამ არჩევნებზე სერიოზული შედეგი აჩვენონ, მაგრამ სამაგიეროდ პერსპექტივისთვის ეს ობიექტურად აუცილებელია და მათ ვუსურვებ წარმატებას.
_ რას იტყვით ახალი პარტიების პოლიტტექნოლოგიებზე, რასაც ისინი მიმართავენ წინასაარჩევნო პროცესში, ისინი ძველი პარტიების მსგავასად კომუნალურ გადასახადებზე და "უფასო ფულზე" არ ესაუბრებიან ამომრჩეველს, ისინი საუბრობენ ძირეულ სისტემურ ცვლილებებზე.
_ გააჩნია რა ამოცანას ისახავენ ეს პარტიები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, პრობლემა კვლავ არის ჩვენი ამომრჩევლის საარჩევნო კულტურაში. სამწუხაროდ, პოლიტიკური ბაზარი ისეა მოწყობილი, რაც გულისხმობს პირდაპირ კომუნიკაციას და ძლიერ ორგანიზაციულ, ფინანსურ, მედია რესურსებს, აქ არის პრობლემა. ამას გარდა არსებობს პირდაპირი კომუნიკაციის ქარიზმა. გეტყვით, დაპირებები, პროგრამები, საშუალო სტატისტიკური ამომრჩევლის არჩევანში მონაწილეობს არაუმეტეს 10-15%, ძირითადი აქცენტი კეთდება პოპულიზმზე, უსაფრთხოებაზე, მაღალ ცნობადობაზე, კონტაქტებზე.
_ იცვლება თუ არა ამომრჩევლის, როგორც მომხმარებლის დამოკიდებულება პარტიების მიმართ?
_ არა, არ იცვლება ამას აჩვენებს ყველა კვლევა. გარკვეულწილად იზრდება ეს კულტურა, მაგრამ ძალიან ნელა და მდორედ. ამ მხრივ ჩვენ არ უნდა ველოდოთ რევოლუციურ ცვლილებებს, კამპანიებიც იქნება ისეთი როგორც ყოველთვის. წამყვან პოლიტიკურ ძალებს არაფერი ახალი არ მოუგონიათ, ისევ ვართ ნეგატიურ ციკლში. ახლა დომინანტი არის შიში. ხელისუფლება აშინებს ამომრჩეველს, მე თუ არ ვიქნები, ყველას შეგეყრებათ კორონა და მოკვდებით, ოპოზიცია ეუბნება ხალხს, ამ ხელისუფლების ხელში შიმშილი გელოდებათ და მოკვდებით, ანუ გვაშინებენ, გვაშინებენ, გვაშინებენ, ჯერჯერობით არანაირი პოზიტიური მესიჯები, რა სახითაც ეს უნდა ამომრჩეველს და რაც არის მისი პრობლემა, უმუშევრობა, სოციალური პრობლემატიკა და ა.შ. ამ კუთხით ნათელი არაფერი ჩანს. ჯერჯერობით ჩვენ ვრჩებით ციკლში, სადაც წარსული ებრძვის აწმყოს, მომავლის არჩევანს ისევ ვერ ვხედავთ.
მასალის გამოყენების პირობები






