"ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის განცხადებით, ხურჩის ტერაქტი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა, მისივე თქმით, მიუღებელია, როცა რომან შამათავას წინააღმდეგ ხდება სეპარატისტების განცხადებების გამოყენება.
_ საუბარია იმაზე, რომ მას ბრალდება ბუთბას და ტურამბას მკვლელობები, რაც სრული აბსურდია. მე არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს ქმედებები, მაგრამ ჩემთვის პირადად გმირია ის ადამიანი, ვინც ტურამბას და ბუთბას ბოლო მოუღო. ტურამბა და ბუთბა იყვნენ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების სისხლისმსმელები, მათ აფხაზმა სეპარატისტებმა ასი ქართველის მკვლელობისთვის გმირის სტატუსი მიანიჭეს და ასეთი ადამიანი, ვინც ეს მკვლელები იქაურობას მოაშორა, ჩემთვის ყოველთვის გმირი იქნება. რომან შამათავაზე ამის დაბრალება არის სასაცილო. მაშინ დავიწყოთ გამოძიება ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ, ვინც აფხაზეთში ქართველებს იცავდა, ჩემი ჩათვლით. აღნიშნული ლოგიკით, ყველა მათ წინააღმდეგ უნდა დავიწყოთ გამოძიება, ვინც იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ გამოძიება ამ მიმართულებით მოიხსნება. რაც შეეხება თვითონ შამათავას, ეს ადამიანი იბრძოდა აფხაზეთში, იბრძოდა 2008 წელს, აგვისტოს ომში და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა.
_როცა საუბარია ბუთბასა და ტურამბაზე, საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, ეს ადამიანები რა დანაშაულსაც ჩადიოდნენ ქართველების წინააღმდეგ, მაშინ ვის ინტერესებში უნდა შედიოდეს ქართული მხარის მიერ ამ საქმის წარმოება და შამათავაზე გადაბრალება?
_ მე ვხედავ, რომ მთავრობა მოქცეულია პაატა ზაქარეიშვილის იდეოლოგიისა და მისი გავლენის ქვეშ. ზაქარეიშვილი მუდმივად ცდილობს, რომ სეპარატისტებს ასიამოვნოს. ამიტომ, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, პროკურატურაში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ გენოციდზე და ეთნიკურ წმენდაზე, გამოძიებას აწარმოებდნენ და მათ ძალიან კარგად იციან ტურამბამ და ბუთბამ რა ჩაიდინეს. მე ღიად ვაცხადებ - რომ მქონოდა საშუალება მათი განადგურების, მეც გავანადგურებდი. ყველა ქართველის ვალია, ბრძოლა იმ ადამიანთა წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუცას, კლავს ქართველებს, ამიტომ ამაზე საქმის წარმოება არის აბსურდი. რაც შეხება შამათავას, მე არ ვიცნობ მასთან დაკავშირებულ სხვა ბრალდებებს, ესეც გამოძიებამ უნდა დაადგინოს, აქ საუბარია იმაზე, რომ ბუთბას და ტურამბას საქმე გამოძიებაში არ უნდა იყოს.
ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. საქმე ეხება, 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აფეთქდა ორი სამგზავრო ავტომობილი და დაიჭრა ერთი მოქალაქე. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებენ. 2008 წლის 21 მაისს რომან შამათავას კუდ-ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, მალხაზ მურღულია კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მუშაობდა.
ხურჩის ტერაქტის ,,გახსნას“ გამოეხმაურნენ აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაშიც. „ჩვენთვის ეს საიდუმლო არ ყოფილა. მაშინაც ჩვენი მხარე ამბობდა, რომ ეს იყო ქართული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. კერძოდ, ამას აცხადებდნენ მაშინდელი პრეზიდენტი სერგეი ბაგაფში და გალის რაიონის მილიციის უფროსი ლოურენს კოღონია. დღეს ეს ფაქტები დადასტურდა. ქართული მხარე მოსახლეობის დასაშინებლად ხშირად მიმართავდა მსგავს აქციებს, რათა შემდეგ აფხაზეთის მხარისთვის დაედო ბრალი“, - განაცხადა აფხზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ.
მასალის გამოყენების პირობები






