საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად თამარ ღვამიჩავა წარადგინა.
თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე ჩაანაცვლა.
,,ყველასთვის ცნობილია, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური გახდა პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრის თანამდებობა.
როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ახალი წევრის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი; კონკურსში განაცხადი 14-მა კანდიდატმა წარმოადგინა. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები კი, 9 კანდიდატმა დააკმაყოფილა. ჩემი თანდასწრებით კი, თითოეულ მათგანთან გაიმართა გასაუბრება.
კონკურსების მიმართ ხშირად არსებული უნდობლობის გამო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხაზი გაესვას ამ პროცესის სრულიად გამჭვირვალედ ჩატარებას. და დღეს მაქვს პატივი, საზოგადებას წარვუდგინო ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი - ქალბატონი თამარ ღვამიჩავა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად 4 წლის ვადით ვნიშნავ.
ქალბატონი თამარ ღვამიჩავა არის სამართლის დოქტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი.
მას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
მჯერა, რომ ქალბატონი თამარი, როგორც არამოსამართლე წევრი, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში, ასევე, სასამართლო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რასაც სრულიად აცნობიერებს.
მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ შერჩეული კანდიდატი აკმაყოფილებს ამ თანამდებობისთვის საჭირო მთავარ მოთხოვნებს: დამოუკიდებლობას, თავისუფალ აზროვნებას, პროფესიონალიზმს.
ის არის და დარწმუნებული ვარ, იქნება, სრულიად დამოუკიდებელი. მინდა მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, შედეგიანი საქმიანობა და წარმატება ვუსურვო"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






