სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლის, მიხეილ ბენიძის ინფორმაციით, 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოთხოვნა Facebook-მა ოფიციალურად დაუდასტურა.
"როგორც გახსოვთ, 2 კვირის წინ, 50-მდე ორგანიზაციამ ფეისბუქს მივმართეთ 2020 წლის არჩევნებზე პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მოთხოვნით. სულ ახლახანს კი ამ წერილზე ფეისბუქის ოფიციალური პასუხი მივიღეთ. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის სრულყოფილად ამოქმედების შესახებ, შესრულდება". – წერს ბენიძე.
მისი განმარტებით, პოლიტიკური აქტორებისთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური რეკლამის თამაშის წესები დადგენილი და ცნობილი იქნება, ამ მოთხოვნების შესრულება კი თითოეული ამ აქტორის პასუხისმგებლობა იქნება.
"2020 წლის აგვისტოდან ჩვენ მოვითხოვთ ავტორიზაციას საქართველოში არჩევნებისა და პოლიტიკის შესახებ რეკლამებზე. ეს შემოგვთავაზებს გამჭვირვალობისა და ავთენტურობის უპრეცედენტო დონეს, რათა ხალხმა ნახოს, ვინ ცდილობს გავლენა მოახდინოს მათ ხმაზე და რატომ. – წერენ Facebook-ის წარმომადგენლები.
ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი წერილის მთავარი მოთხოვნა ფეისბუკზე ახალჩაშვებული სერვისის საქართველოში ამოქმედება იყო, რომელიც მომხმარებელს პოლიტიკური რეკლამის შესახებ აწვდის ინფორმაციას.
"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ფეისბუქს აქვს შანსი, მტკიცე ქმედებებითა და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის ფეისბუქის ხელთ არსებული მექანიზმები". – წერია მიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






