მე-18 ტომის მიხედვით, სამართალდამცველები სამედიცინო ექსპერტებს ისეთ კითხვარს უგზავნიან, რომელითაც სავარაუდოდ არა განზრახ მკვლელობის, არამედ უბედური შემთხვევის დადგენას შეძლებენ.
- გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შესაძლებელია თუ არა, განვითარებული იყოს სწორი რელიეფის მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა/დაცემით?
- ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით?
- ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალი ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით?
- ცალკე აღებული სახისა და თავის არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრი სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის, ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
- დაზიანებები ცალ-ცალკე ან ერთობლიობაში გამოიწვევდა თუ არა ტრავმულ შოკს ან გამოიწვევდა თუ არა მოძრაობის (ან გადაადგილების) შეზღუდვას?
- თავზე არსებული დაზიანება გამოიწვევდა თუ არა გონების დაკარგვას ან შეუზღუდავდა თუ არა მოძრაობას?
- რას ნიშნავს - დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში? ანუ რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი?
გამოძიება 109-ე მუხლით რომ ვერავის დააკავებს, ეს ვარაუდი საქმის ადვოკატებს თავიდანვე გაუჩნდათ. დაკავებულების ადვოკატები ღიად აცხადებენ, რომ ასეთ ვითარებაში გამოძიება ვერც ერთ ბრალდებულს მძიმე მუხლით ვერ გაასამართლებს.
დაგვიანებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები შაქარაშვილის განზრახ მკველელობის საქმეში კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას აჩენს. რატომ არ ცდილობენ საგამოძიებო უწყებები ჭეშმარიტების დადგენას, ეს დაკავებულების ადვოკატებმა არ იციან, თუმცა ამტკიცებენ, რომ არცერთი მათი დაცვის ქვეშ მყოფი საბრალდებო სკამზე უმძიმესი, განზრახ მკვლელობის მუხლით არ დაჯდება.
"როდესაც ძირითადი კითხვები არის აგებული უბედური შემთხვევის განხილვის ირგვლივ . მე მიჩნდება საშიშროება იმისა, რომ განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში, ამის დამტკიცება ამ ვითარებაში , ამ მტკიცებულებებით, ამ რეალობაში, საერთოდ არარეალურად მიმაჩნია" - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.
მასალის გამოყენების პირობები






