გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობა - რა მოხდა 19 ივნისის ღამეს და რატომ არ დაიწყეს შემთხვევის ადგილზე მისულმა საბურთალოელებმა დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ძებნა .
19 წლის ფეხბურთელის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ "ტოიოტას" მარკის ტაქსში მჯდომმა პირებმა შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდნენ, თუმცა, თბილისისკენ მიმავალ გზაზე დიჯეიმ, კონსტანტინე ღიბრაძემ მხოლოდ ერთხელ ახსენა, რომ ვიღაცები ჩხუბის შემდეგ დაკარგულები იყვნენ.
საქმის მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ დიჯეი, კოკო ღიბრაძე "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში იჯდა. ღიბრაძემ თბილისისკენ მიმავალ გზაზე ახსენა, რომ რამდენიმე ადამიანი იყო მოსაძებნი, თუმცა კონკრეტული გვარები ვერ გაიხსენა. ქათამაძე და ახვლედიანი კი ისხდნენ "ტოიოტას" მარკის ტაქსში, რომელში მჯდომ პირსაც "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილიდან დაურეკეს. ზარის განხორციელების მომენტში ტაქსი უკვე მოშორებული იყო შემთხვევის ადგილს და ის უკან აღარ დაბრუნებულა.
„ჰიუნდაის“ მძღოლის, ირაკლი დაფქვიაშვილი ჩვენებაში ამბობს:
"უბანში, ფეხით მოვიდნენ ჩემი უბნელები: კოკო ღიბრაძე, ლუკა ბეჟნიშვილი და გუგა მაჭავარიანი. კოკო იყო ძალიან ანერვიულებული და მან მე მომმართა, რომ მცხეთიდან ჩამოვიდა და უნდოდა გავყოლოდი, საიდანაც ჩვენი ბიჭები იყვნენ ჩამოსაყვანები. მას არ დაუკონკრეტებია ვისზე იყო საუბარი მე გავემართე ჩემს მფლობელობაშ მყოფი შავი „ჰიუნდაის“ მარკის ავტომანქანით, შაკო აბრამიშვილს მივმართე, რომ გამომყოლოდა. ჩასხდნენ კოკო და გუგა . გიორგი ციცვაძემ დაურეკა შაკოს და უთხრა, წამოსულიყო თუ არა , რაზეც უთხრა, რომ თვითონ გადაეწყვიტა. დაახლოებით 10-წუთში გიორგი მოვიდა თავისი ლექსუსით, რომელსაც თან ახლდა სოსო თუშიშვილი. გზაზე კოკო საუბრობდა, რომ მცხეთაში იმყოფებოდა დაბადების დღეზე, სადაც მოხდა ჩხუბი. შემდეგ ცენტრალური გზიდან რაღაც მანქანას გამოჰყვა და იქ დარჩენილი ბიჭები იყვნენ წამოსაყვანები.
დაახლოებით 01:40 წუთზე ჩვენ ჩავედით მცხეთაში და მივედით არაგვის მდინარის ხიდთან. აღნიშნულ შენობასთან გაჩერებული იყო თეთრი "ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანა, რომლითაც სარგებლობს კახა სანდოძე, კერძოდ ტაქსაობს. მე მანქანა კახას მივუყენე გვერდით, რა დროსაც მან მითხრა, რომ მშვიდობა იყო და რომ ბავშვები მანქანაში ჰყავდათ. იქ მყოფებიდან ერთ-ერთმა თქვა, რომ მცხეთიდან ყველა ბავშვი სახლებში იყვნენ წასული. იმ დღეს არც ერთ ბავშვს არ უხსენებია გიორგი შაქარაშვილის შესახებ მე მას არ ვიცნობდი. მისი გარდაცვალების შესახებ შემდეგ დღეებში გავიგე ტელევიზიით" - ვკითხულობთ შავი "ჰიუნდაის" მძღოლის, ირაკლი დაფქვიაშვილის ჩვენებაში.
„ჰიუნდაის“ მარკის მანქანაში მჯდომი კიდევ ერთი პირის ჩვენებაში ვკითხულობთ:
„კონსტანტინე ღიბრაძემ დაიწყო საუბარი. იგი ანერვიულებული იყო და აზრს ჩამოყალიბებულად ვერ გადმოსცემდა. ამბობდა, რომ მცხეთაში მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და მეგობრები იყვნენ ჩამოსაყვანი , დაახლოებით 4-5 ადამიანი. დამიკავშირდა ჩემი მეგობარი , გიორგი ციცვიძე, რომელმაც მითხრა, რომ გაიგო ბავშვების წამოყვანის თაობაზე და მკითხა, თვითონაც ხომ არ წამოსულიყო. ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა თუ წამოვიდოდა. კონსტანტინე ღიბრაძე იმის გამო წამოვიდა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა ის ადგილი საიდანაც ბავშვები უნდა წამოგვეყვანა. კახამ გვითხრა, რომ ბავშვები უკვე წაიყვანა და მის ავტომობილში არიან და იქიდან აღარავინ იყო წამოსაყვანი, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. დავიძარით სამივე ავტომობილი და წამოვედით ადგილიდან . მოძრაობისას კოკო ღიბრაძემ თქვა, რომ კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო წამოსაყვანი , თუმცა ვერ გაიხსენა მათი სახელები. წამოვედით ჩვენს უბანში. ადგილზე დაგვხვდა ვახტანგ ახვლედიანი , გიორგი ქათამაძე და გიორგი ციცვიძე. ჩვენ ბოლოს მოვედით ეზოში . გიორგი ქათამაძეს სახეზე აშკარად დაზიანებები ეტყობოდა , მას ვურჩიე საავადმყოფოში წასულიყო. დანარჩენ ბავშვებთან დაკავშირებით ვიკითხე, რაზეც პასუხად მივიღე , რომ ისინი ჩამოვიდნენ თბილისში. შემდეგ დეტალების გარკვევა აღარ დამიწყია. რამდენიმე დღეში კი გავიგე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ . მცხეთისკენ მოძრაობისას მე ჩემი ტელეფონით, მხოლოდ გიორგი ციცვიძეს ვესაუბრე. რის შემდეგაც ტელეფონი ვათხოვე კოკო ღიბრაძეს, რადგან მ ას არ ჰქონდა საკუთარი მობილური და მეგობრების მოსაკიუთხად მე მთხოვა მობილური. ვერ ვიტყვი ვისთან რა ნომერზე და რამდენჯერ დარეკა კოკომ ჩემი მობილურით. მცხეთაში ჩასვლისას ხიდის გადაკვეთის შემდეგ არც ერთი ჩვენგანი არ გადმოსულა ავტომობილიდან. ვერ ვიტყვი იყო თუ არა იქ ვინმე . მე არ მქონია ბავშვებთან ჩხუბის დეტალებზე საუბარი. წარმოდგენა არ მაქვს რის გამო დაიწყო ჩხუბი. არ გამიგია ვინ იყო ჩხუბის მეორე მხარე. მხოლოდ ტელევიზიიდან გავიგე რომ მეორე მხარეს ნახალოვკელები იყვნენ" - ნათქვამია "ჰიუნდაის“ მარკის ავტომობილში მჯდომი პირის ჩვენებაში.
"ტოიოტას" მარკის ავტომანქანაში მჯდომი ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ ახვლედიანის და ქათამაძისთვის მათი მისვლის შესახებ სპეციალური ნიშნით უნდა ენიშნებინათ, რადგან ისინი შეშინებული იყვნენ და იმალებოდნენ. სწორედ "ტიოტას" მარკის ავტომობილის ჩასვლისას მიდიან შემთხვევის ადგილზე ჰიუნდაის და ლექსუსის მარკის მანქანები, თუმცა იქ არ ჩერდებიან და ბრუნდებიან უკან, თბილისის მიმართულებით, რადგან იქ აღარავინ ხვდებათ.
„ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში მჯდომი პირის ჩვენების მიხედვით, ახვლედიანი და ქათამაძე შეშინებულები იყვნენ, ქათამაძეს კი დაზიანებები ეტყობოდა. ამ პირის ჩვენების მიხედვით, არც ერთს გიორგი შაქარაშვილი გზაზე არ უხსენებია.
„კახას ჩავუჯექი მანქანაში და გავემართეთ მცხეთის მიმართულებით. გზაში მე მას გამოვკითხე თუ ვის გამოყვანას აპირებდა. რაზეც მომიყვა, რომ ჩვენ უბნელებს რაღაცეები მოსვლიათ მცხეთაში და ვინაიდან ვერ მოდიოდნენ კახა მიდიოდა მათ ჩასმოსაყვანად. ერთ-ერთი იყო ვახო ახვლედიანი. სხვა პირებზე მას არ ჰქონდა ინფორმაცია. ასევე მითხრა, რომ მათ შესახებ შეიტყო ჩვენი უბნელი ლუკა ბეჟანიშვილისგან . კახამ ასევე განმარტა, რომ არაგვის ხიდთან მივიდოდნენ , ბავშვები იქნებოდნენ დამალულები და კახას მიერ სამჯერ დასიგნალების შემთხვევაში გამოვიდოდნენ. დაახლოებით 01:30-ზე ჩვენ მივედით დანიშნულების ადგილას. კახამ სამჯერ დაასიგნალა და რამდენიმე წამში, ხიდის ბოლოს, დასავლეთის მიმართულებით მარჯვენა მხრიდან, ფეხით ამოვიდა ვახო ახვლედიანი და გადასძახა მის თანმხლებ პირს, გიორგი ქათამაძეს, რომელიც იმ დღეს პირველად ვნახე. ორივენი იყვნენ ძალიან შეშინებულები. ერთმანეთში რაღაცეებს საუბრობდნენ, მაგრამ იმდენად გაუგებრად საუბრობდნენ, რომ ვერაფერი გავიგე. დასკვნა გამოვიტანე, რომ ჩხუბი მოუვიდათ. ჩუმათ ისხდნენ. როგორც მახსოვს არც ტელეფონზე დაურეკავთ. დაახლოებით 02:30-ზე ჩვენ უბანში მივედით, მე არ ვიცნობდი გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, არც ვახოს და გიორგის უხსენებიათ“ - ვკითხულობთ „ტოიოტა“ მარკის ავტომობილში მჯდომი პირის ჩვენებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული ჩვენებები გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალების მე-18 ტომშია ასახული.
მასალის გამოყენების პირობები






