ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების 86-გვერდიან ანგარიშში,165 შესწორება მომზადდა. ანგარიშს კენჭს დღეს, 13 ივლისს უყრიან.
კანონის უზანაესობასთან, მედიის თავისუფლებასთან და 8 მარტის შეთანხმების შესრულებასთან ერთად შესწორებებში საუბარია მთავრობის მიერ მშვიდობიანი დემონსტანტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ ძალადობაზე.
ევროპარლამენტარ ანდრჟეი ჰალიცკის მომზადებულ 78-ე შესწორებაში აღნიშნულია:
"შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ძალადობრივი ინციდენტები ოპოზიციის ლიდერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირადაა დაუსჯელი.
როცა ნებისმიერ მთავრობას შეუძლია, გამოიყენოს კანონიერი და პროპორციული ძალა ძალადობრივი დაუმორჩილებლობის წინააღმდეგ, ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ოპოზიციის ლიდერებზე, დაუსჯელობა ამგვარი ძალადობრივი აქტებისას ქმნის სახიფათო პრეცედენტს 2020 წლის არჩევნების მომავალი კამპანიისთვის". - აღნიშნულია ანდრჟეი ჰალიცკის შესწორებაში.
ანნა ფოტიგას, ჰერმან ტერჩის, კოსმა ზლოტოვსკისა და იაცეკ სარიუშ-ვოლსკის მომზადებულ 83-ე შესწორებაში გაზიარებულია ჰალიცკის ტექსტი ამგვარი ძალადობრივი აქტების დაუსჯელობის შესახებ. შესწორებაში ასევე დამატებულია, რომ ძალადობრივი ინციდენტები "ხშირად რჩება დაუსჯელი, მიუხედავად ნათელი მტკიცებულებისა, რომ ამგვარი თავდასხმები დაკავშირებულია მმართველი პარტიის მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებთან".
მარკეტა გრეგორევას მომზადებული 96-ე შესწორების თანახმად, ევროკავშირი მოითხოვს "დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას გასული წლის ივნისში ქართული სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ".
ასევე, 96-ე შესწორებაში ლაპარაკია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკეთ დაცვაზე:
"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი თავშეყრისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება, დემონსტრანტებისთვის ამჟამინდელი არაპროპორციული სანქციებისა და მკაცრი ჯარიმების შემცირების ჩათვლით". - ვკითხულობთ შესწორებაში.
მასალის გამოყენების პირობები






