"ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
პროკურატურამ დაკავებულებს ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით ბრალი წარუდგინა. მათგან ერთი მიმალვაშია. კიდევ ერთ პირს კი მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან და ის დაკავებულია.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, 24 ივნისს, ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარედ, 6 ადამიანი შურისძიების მოტივით თავს დაესხა გ.ე.-ს, რა დროსაც ოთხმა მათგანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო ორმა ბასრი საგნების გამოყენებით დაჭრა.
"აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, დაზარალებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






