საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავიაკომპანიებზე ზეწოლას ახორციელებს, რათა „მწვანე“ ქვეყნებიდანაც კი, რაც შეიძლება, ნაკლები ფრენები განახორციელონ - სკანდალურ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკი ავრცელებს.
„საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, საქართველოს მთავრობამ საკუთარი განზრახვის საწინააღმდეგოდ, მაინც მიიღო ევროკავშირის 5 წევრ სახელმწიფოსთან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენს ყურამდე მოდის ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ერთგვარ ზეწოლას ავიაკომპანიებზე, რომ მათ დანიშნონ, თუნდაც ამ "გამწვანებული ქვეყნებიდან", რაც შეიძლება ცოტა ფრენები. ეს არის მცდარი და ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან დამაზიანებელი მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ცოტა ადამიანი ჩამოვა საქართველოში. ამასთან, ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა ამ ბრიყვულ დისკრიმინაციულ და მავნებლურ კარანტინის მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაშინაც კი, თუკი ისინი 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს გახსნილი საზღვარი. ეს გადაწყვეტილება არის ანტიკონსტიტუციური, რომ წარმოვიდგინოთ ოჯახი, რომლის ერთი წევრი არის საქართველოს მოქალაქე და სხვა წევრები არიან იმ 5 ქვეყნიდან ერთ-ერთის მოქალაქეები, ეს ოჯახი რომ დაბრუნდება საქართველოში, ის წევრი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უნდა ჩააყუდონ კარანტინში, ხოლო ერთი ოჯახის სხვა წევრებს შეუძლიათ, რომ სახლში წავიდნენ მშვიდად. ეს ხომ არის სისულელე, აბსურდი და იდიოტიზმი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მან ამასთანავე საქართველოს მთავრობას მოუწოდა გააფართოვოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება კარანტინის გარეშე ქვეყანაში შემოსვლა და ამ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანოს, პირველ რიგში, პოლონეთი.
მასალის გამოყენების პირობები






