გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ მმართველი პარტიის წევრი, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ცოლსა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე.
სამართალდამცველებმა, გრემელაშვილის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.
ინფორმაცია გრემელაშვილის მიერ შვილებზე ძალადობის შესახებ, მისმა ნათესავმა, მარიამ კუკუნაშვილმა გაავრცელა.
მისი თქმით, მიხეილ გრემელაშვილი „ცოლ-შვილის ცემა, ძალადობა და იარაღით დევნა და სროლა მისი მხრიდან წლებია უკვე გრძელდება“.
დაკავებამდე გრემელაშვილმა დაწერა:„მოგესალმებით მეგობრებო. მოკრძალებით გთხოვთ, მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს რომ სულმთლად გაგიჟდა. ძალიან მიყვარს მაინც და მის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს".
მასალის გამოყენების პირობები






