ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კონსულტაციები ამ წუთებშიც გრძელდება, შეიძლება ითქვას რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
თუმცა, ნაციონალური მოძრაობა ამ ინფორმაციას ოფიციალურად მას შემდეგ გაახმოვანებს, რაც სხვა ოლქებშიც შეთანხმდება მაჟორიტარობის კანდიდატები.
ის, რომ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში ჟურნალისტ გიორგი კაპანაძის კანდიდატურა მართლაც განიხილება, ადასტურებენ ენმ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
„სხვებთან ერთად განიხილება გიორგი კაპანაძის კანდიდატურაც, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, - ამბობენ პარტიაში.
ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია გამომძიებელ ჟურნალისტ გიორგი კაპანაძეს, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს მთავარ ოპოზიციურ პარტიასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
თუმცა, მან, სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი დაწერა:
„მეგობრებო, გაჟღერდა რომ არის საუბრები საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში მთავარი ოპოზიციური პარტიიდან ჩემი კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით.
მწერენ, მირეკავენ და მეკითხებიან, მართალია თუ არა...
ეს არ არის ოფიციალური ინფორმაცია, თუმცა, პირდაპირ გეტყვით: ნამდვილად მზად ვარ ბოლომდე ვიბრძოლო იქ, სადაც საქართველოა, რათა ხალხის გამღარიბებელი ივანიშვილის დამარცხებით, პირველ რიგში, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯოს“, - წერს გიორგი კაპანაძე.
შეგახსენებთ რომ 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს საპარლამენტო არჩევნებია. ამომრჩეველი 30 ოლქში აირჩევს მაჟორიტარ დეპუტატს. მათ შორისაა საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულიც.
რაც შეეხება გიორგი კაპანაძეს, ის 1997 წლიდან აქტიურ ჟურნალისტიკაშია და ჟურნალისტურ გამოძიებებსა და ანტიკორუფციულ თემებზე მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები






