კანონპროექტის თანახმად, თუ კომუნიკაციების კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საუბარია ისეთი გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, როდესაც ავტორიზებული პირი კომუნიკაციების სფეროში არსებულ კანონმდებლობას, მათ შორის კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არღვევს, ხოლო ამ ქმედების გამო დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს საკითხის გადაჭრას. ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიას ეძლევა უფლებამოსილება, დანიშნოს სპეციალური მმართველი, საკუთარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით. კანონპროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპეციალურ მმართველს არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ. რაც შეეხება მოთხოვნებს, მას განათლება ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით უნდა ჰქონდეს: ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება, იურიდიული ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის დაკისრებული უფლებამოსილებების შესასრულებლად.
პროექტის თანამად, სპეციალურ მმართველს შეეძლება განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლი. კერძოდ:
1.დანიშნოს ან გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები;
2.სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;
3.ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა.
პროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კომისიის წინაშე.
გარდა ამისა, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გარკვეულ შემთხვევებში კომისია უფლებამოსილი ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის ან აქციის გაყიდვის შესახებ. კომისია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის ან აქციის გაყიდვის მიზნით, ქმნის სპეციალურ სააუქციონო კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს წილის ან აქციის აუქციონის გზით გაყიდვას. კომისია უფლებამოსილი იქნება, აუქციონში მონაწილეობის მიღება აუკრძალოს პირს ან გააუქმოს აუქციონის შედეგები, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის შეძენით შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
მასალის გამოყენების პირობები






