აშშ-ს ელჩი საქართველოში, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში აცხადებს, რომ საქართველო და ამერიკა მტკიცედ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. მისივე თქმით, ეს გულისხმობს მტკიცე ნებას გაგრძელდეს სწრაფვა უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნისკენ.
"ქართველებიც, ამერიკელების მსგავსად მზად არიან, თავდაუზოგავად იშრომონ ცვლილებებისთვის, თავისუფალი, აყვავებული, უსაფრთხო, დემოკრატიული საქართველოსთვის. ჩემთვის და აშშ-ს საელჩოსთვის დიდი პატივია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნოთ ამერიკის დაბადების დღე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად.საქართველოში ყოფნის ხუთი თვის თავზე უფრო მარტივად გასაგები გახდა ჩემთვის, რომ ქართველებსა და ამერიკელებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველებს აქვთ თავისუფლების ძლიერი სურვილი, თქვენც მოგიწიათ თავისუფლებისთვის ბრძოლა. თქვენც გამოიჩინეთ სიმამაცე და გამბედაობა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიულ რეფორმებში აისახა" - აცხადებს კელი დეგნანი.
ელჩმა თავისი სიტყვა გალაკტიონ ტაბიძის სიტყვებით შეაჯამა, რომელიც მისივე შეფასებით, ეხმიანება ამერიკელებისა და ქართველების სიყვარულს თავისუფლებისადმი.
"თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს - წყარო ანკარა... დროშები ჩქარა!" დაე, ჩვენს თავზე იფრიალოს თავისუფლების დროშამ".
მასალის გამოყენების პირობები






