"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მისცეს საშუალება დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლებს, წავიდნენ თურქეთში სეზონური სამუშაოს შესასრულებლად.
იგი ამბობს, რომ ათიათასობით მოქალაქისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
"გახსენით თურქეთთან საზღვარი, მანამ, სანამ დასავლეთ საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილი არ დაწყებულა. უკვე წლებია, ჩვენი თანამოქალაქეები, იმის გამო, რომ ვერ შოულობენ აქ სამუშაოს, დადიან თურქეთში სეზონურ სამუშაოზე. მე ვსაუბრობ ათი ათასობით ადამიანზე, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილით და მიდიან მეზობელ ქვეყანაში ხილზე და ჩაის საკრეფად.
ერთი ადამიანი ამ სამი თვის განმავლობაში აგროვებს 8-10 ათას ლარს, რითაც ინახავს ოჯახს მთელი წელი". - აცხადებს უგულავა.
მისი თქმით, უხეში გაანგარიშებით, საქართველოს ეკონომიკა 200 მილიონ ლარს დაკარგავს, თუ მთავრობა საზღვარს არ გახნის.
უგულავა მთავრობას მოუწოდებს, შექმნას შესაბამისი სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რათა სეზონურმა მუშებმა ისევე გაიარონ შემოწმება, როგორც ტრაილერის მძღოლებმა.
"არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ არ გაივლის შემოწმებას, თუ საჭირო იქნება, კარანტინში არ წავა, მაგრამ თუ ჩვენ ახლა არ მივეცით ადამიანებს მუშაობის საშუალება, პირდაპირი მნიშვნელობით შიმშილობა გველის შემოდგომიდან და ამაზე პასუხისმგებელი იქნება თავიდან ბოლომდე საქართველოს მთავრობა და ქართული ოცნება. ჩვენ კარგად გვესმის ეპიდვითარება და ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. ამავე დროს, ჩვენ უნდა დავუჯეროთ პირველ რიგში ექიმებს და ეპიდემიოლოგებს და არა ხელისუფლებას, რომელიც უკვე აშკარად იყენებს კორონავირუსს პოლიტიკური მიზნებისთვის". - ამბობს გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






