გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება. მისი ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში დღეს განხორციელდება.
ჭაკუაზე ინტერპროლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. საქართველოს პროკურატურა მას რამდენიმე საქმეს ედავება.
მას ბრალად ედება 2006 წელს ციხის ბუნტის პროვოცირება, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ერთად, პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.
დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.
პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000 ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ჭაკუას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.
მასალის გამოყენების პირობები






