საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, რომან გოცირიძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ელჩებმა ნათლად უთხრეს "ქართულ ოცნებას", რომ ცვლილებები არ ვარგა.
რომან გოცირიძის თქმით, კოდექსში ცვლილებებმა ვერც-ერთი პრობლემა ვერ გადაჭრა.
"საარჩევნო კანონში ცვლილებემა ვერ გადაჭრა ვერც ერთი ის პრობლემა, რაც ახასიათებს არჩევნებს და რითაც ხდება არჩევნების გაყალბება. კვლავ შენარჩუნებულია მოტყუების, დაშინების, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მექანიზმები და სწორედ ამ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ- ის ელჩებმა. არც ერთი ეს საკითხი არ არის მოგვარებული. პირიქით, ზოგიერთი მიმართულებით გვაქვს გაუარესება. მაგალითად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხში ითვალისწინებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საერთოდ დაივიწყეს ადგილობრივი თვითმმართველობა და ადგილობრივი არჩევნები გახადეს მეორე ხარისხოვანი, ისევე როგორც მაუწყებლებთან დაკავშირებული ცვლილებებითზ წინ გადადგმული ნაბიჯის ნაცვლად, მივიღეთ გაუარესებული საარჩევნო კანონი.
ელჩების ენა უნდა წავიკითხოთ არაელჩების ენით - გვეუბნებიან, რომ კვლავ აგრძელებთ დაშინებას, მოსყიდვას, სუს-ისა და სხვა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. ამაზე ნათლად რა უნდა დაწერონ ელჩებმა ? გვეუბნებიან, რომ არ ვარგა ეს კანონი,"- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩი მიესალმა საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს, თუმცა აღნიშნა, რომ ის ისურვებდა უფრო ამბიციური ცვლილებები ყოფილიყო, რომელიც საარჩევნო გარემოს საგრძნობლად გააუმჯობესებდა.
აშშ-ის ელჩმა კი განაცხადა: "დამატებითი ზომების შემოღება ამომრჩევლის შესაძლო დაშინების წინააღმდეგ, საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დავის გადაჭრის პროცესის განმტკიცება და COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ალტერნატიული კამპანიის მეთოდების შესაძლებლობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობდა საზოგადოებრივი ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესებისადმი ამ შემოდგომაზე".
მასალის გამოყენების პირობები






