ფრენების აღდგენის გადადება მთავრობის მიერ - "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა აღნიშნულ თემაზე პრესკონფერენცია გამართა.
კაანდელაკი გაუგებარს და ბრიყვულს უწოდებს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ აღადგინოს ფრენები ევროკავშირთან იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
იგი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air გეგმავს, ქუთაისში თავისი ბაზა გააუქმოს.
"მომავალში, როცა კი ეს იქნება და ფრენები გაიხსნება, ფრენები, ალბათ, რაღაც რაოდენობით მაინც იქნება, მაგრამ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, რომელზეც პირდაპირ გავლენა მოახდინა მთავრობის მცდარმა და საზიანო გადაწყვეტილებამ, არ აღადგინოს ფრენები ევროკავშირთან". - ამბობს დეპუტატი.
კანდელაკის განმარტებით, ბაზის გაუქმება ავიაკომპანიის გასვლას არ ნიშნავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებით 150 ადამიანი სამუშაო ადგილის გარეშე დარჩება.
"საუბარია იმაზე, რომ ქუთაისში არ იქნება ბაზირებული თვითმფრინავები. ბაზა ამას ნიშნავს, რომ იქ იყო რამდენიმე თვითმფრინავი, რომლებიც უკვე გაყვანილი ყავს ვიზეარს...უამრავი ადამიანი, ვინც იმედის თვალით შეჰყურებდა პირველი ივლისიდან ფრენების გახსნას, მთავრობამ დატოვა შანსის გარეშე, რომ თუნდაც სიმბოლური შემოსავალი მიიღონ ტურიზმისგან". - ამბობს გიორგი კანდელაკი.
დეპუტატი დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს, რეგულარული ფრენები არც აგვისტოში აღადგინოს.
"ევროპული საქართველო" მთავრობას მოუწოდებს, "გადახედოს ამ მცდარ გადაწყვეტილებას და აღადგინოს ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან მაინც, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეფასებულია, როგორც კარგი ან ძალიან კარგი".
"ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ფინეთი და სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ჩვენი ტურიზმისთვის ტრადიციულად არის ძალიან მნიშვნელოვანი". - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
მასალის გამოყენების პირობები






