დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მიერ მედიის გავრცელებული "ფეიკების" მამხილებელი კამპანიის დაწყებას "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება.
ბოკერია კალაძის წამოწყებას მედიაზე თავდასხმად აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთი მეთოდია.
"დიახ, ყველა მცდელობის მიუხედავად, მედიას ვერ აკონტორლებენ და იქ ხედავენ პრობლემას. პოლიტიკური ოპონენტების შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ ძალიან დიდი რესურსი უნდა დახარჯონ მედიაზეც. გონიათ, რომ ამით შეცდომაში შეიყვანენ ქართულ საზოგადოებას და ამომრჩეველს. ცდებიან. ყველა ეს ავტორიტარული მეთოდი ფუჭი აღმოჩნდება. ცუდი რაც არის, არის სიძულვილის დაპირისპირებისა და საზოგადოების დაყოფის გაღრმავება მაშინ, როცა ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები მოდის.. ვერ მოიგებენ და ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, მაგრამ ზიანი მოაქვთ. ასეთი პერიოდი ყოველთვის არის ნევროზული.. მთავრობა, რომელიც ასე იქცევა და ასეთ სიძულვილს თესავს მისი ოპონენტების მიმართ, აშინებს საკუთარ ბიუროკრატიას, იმ მომხრეებს, ვინც ჰყავთ, რომ თურმე აქ რაღაც სამოქალაქო ომი იქნება, რომელიც არ იქნება არცერთ შემთხვევაში, დანაშაულს სჩადის საკუთარი საზოგადოების წინაშე. ეს არის ზიანი და არცერთმა მთავრობამ მომავალში ეს არ უნდა გააკეთოს... ოპონენტებს შეიძლება თავს დაესხა, აკრიტიკო მათი არაკომპეტენტურობა ან შენი აზრით უსინდისობა, მაგრამ მათი მომხრეებისა და ამომრჩევლების, მედიის ასე დემონიზება და საზოგადოების დაყოფა, არის ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა. ჩვენ ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






