სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გიორგი რურუას საქმეში არ არსებობს ნეიტრალური და ობიექტური მტკიცებულებები.
მისი განმარტებით, საქმეში მოწმეები არიან მხოლოდ პოლიციელები, რომელიც ამბობენ,რომ იარაღი რურუას მანქანაში უპოვეს. პარალელურად, რურუას მხარე ამ ფაქტს უარყოფს.
„რაც შეეხება გიორგი რურუას საქმეს, მიმდინარე გამოძიების მასალებს ჩვენ ვიცნობთ, რაც ადვოკატმა გაგვაცნო. ამ ეტაპზე, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ალბათ, ჩემთვის როგორც უფლებადამცველისთვის, კითხვის ნიშნებს წარმოშობს ის, რომ საქმის მასალებში არ დევს ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა ამ პირის მიერ [უკანონი] იარაღის ფლობას... ჩვენ არ გვაქვს ვიდეო ჩანაწერები ან დამოუკიდებელი ან ობიექტური მოწმის, ჩვენებები, რომელიც ან შეესწრო, ან დაასწრეს ჩხრეკას და დაადასტურებდა, რომ იარაღი ნამდვილად იპოვეს.
ეს არის შეფასებითი კატეგორია – აღნიშული გადაწყვეტილება. რამდენად დამაჯერებელია ეს მტკიცებულებები, ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. ამ შეფასებაში სახალხო დამცველი ვერ შევა, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის ამ საქმის სუსტი მხარე.. რომ ყოფილიყო ობიექტური მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეო ჩანაწერები…, “ – განმარტავს სახალხო დამცველი.
მისივე თქმით, ეს საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიციელების მიერ სამხრე ვიდეო კამერების გამოყენების აუცილებლობას. ეს კი ხშირად არ ხდება.
„ასევე ჩვენ ამ საქმეში დავადგინეთ დარღვევა, იმ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირბეით, როდესაც ბიოლოგიური მასალა აიღეს გიორგი რურუას საკანში. მაშინ მის ადვოკატს არ მისცეს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა და მისი საპროცესო უფლებები დარღვეული იყო,“ – აცხადებს ლომჯარია და ამატებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი საქმის მასალის შესწავლას აგრძელებს.
მასალის გამოყენების პირობები






