სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გიგი უგულავას მეორე მსჯავრდების საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა და თუ ეს თემა სტრასბურგში გაიგზავნება, დარღვევა დადგინდება.
აღნიშნულ საკითხზე, ლომჯარიამ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ისაუბრა.
"იყო პრობლემატური საქმე იქედან გამომდინარე, რომ მისი მეორედ მსჯავრდების საქმეში დარღვეული იყო ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, კერძოდ, პროკურატურა იყო ის ორგანო, რომელმაც ორჯერ გაასაჩივრა გიგი უგულავას საქმის გადაკვალიფიცირებას. იმ დროს როდესაც პროკურატურა ბრალის შეცვლასა და გადაკვალიფიცირებას ითხოვდა, გენერალური პროკურორი იყო შალვა თადუმაძე და როდესაც უზენაესმა საბოლოოდ გადააკვალიფიცირა ბრალი, იქ გადაწყვეტილების მიმღები იყო ისევ ყოფილი გენერალური პროკურორი, რომლის უწყებამაც გაასაჩივრა სააპელაციოს გადაწყვეტილება.
თუ ეს საქმე წავა ან წავიდოდა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, დაადგენს გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. არ შეიძლება პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება უზენაესში, შემდეგ ამ ადამიანს დახვდეს გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლედ. ვფიქრობთ, ეს იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა გიგი უგულავას მიმართ.
თუ გავითვალისწინებ იმასაც რომ მის მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკურ კონტექსტში, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად დაიძაბა სიტუაცია საქართველოში. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა, რატომ უწოდებენ მას საერთაშორისო პარტნიორები პოტენციურ პოლიტიკურ პატიმარს". - აღნიშნა პმბუდსმენმა.
მასალის გამოყენების პირობები






