საკუთარ ვებგვერდზე ორგანიზაცია „იდენტობა“ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ამცნობს, რომ მოსალოდნელი ძალადობის საფრთხის გამო უარს ამბობს უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრების გახსნასთან დაკავშირებულ ინიციატივასა და აქტოვობაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის მოქალაქეების მხრიდან შემოწირულობის სახით შეგროვილი დაახლოებით 900 ლარი ან იმ უსახლკარო ადამიანებს გადაეცემათ, ვისი დახმარებაც იგეგმებოდა, ან კიდევ სხვა დაწესებულებას, თუ ასეთი უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.
„იდენტობა“ ბოდიშს უხდის იმ უსახლკარო ადამიანებს, რომლებსაც ცივ ზამთარში ქუჩაში დარჩენის საფრთხე ემუქრება. გთავაზობთ ამონარიდებს „იდენტობის“ განცხადებიდან თავშესაფრებთან დაკავშირებით: „მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რომ თბილისში უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფარი გაკეთდებოდა, ამ ადამიანებზე ამჯერად მაინც, ყურადღების მიქცევის ნაცვლად, ფოკუსში ორგანიზაცია “იდენტობა” მოექცა.
სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთა რიგი უპასუხისმგებლო, ანტისახლმწიფოებრივი, მიზანმიმართულად მცდარი და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები“;
„შედეგად, სახეზეა მდგომარეობა, როდესაც დახმარების ნაცვლად, ყველაზე მიუსაფარი ადამიანებისთვის კვლავ რეალურია სიცივით თბილისის ქუჩებში გარდაცვალების საფრთხე“;
„მრავლად გაისმა თავშესაფარსა და ორგანიზატორებზე თავდასხმის მუქარა. 17 მაისის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის უსახლკარო ოჯახების დახმარების პროცესის მშვიდობიან და პროფესიონალურ ორგანიზებას.“;
“იდენტობას” დაუკავშირდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, რომლებიც მათ საცხოვრებელ კორპუსში თავშესაფრის განთავსებას არ დაუშვებენ.
მათი განცხადებით, თუ თავშესაფარი დაგეგმილ ადგილზე გაიხსნებოდა, ისინი ყოველდღიურად შეუქმნიდნენ მის ფუნქციონირებასა და მის მაცხოვრებლებს პრობლემებს“;
„საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რიგმა წარმომადგენლებმა და სხვა აგრესიულად განწყობილმა დაჯგუფებებმა, მათ ვინც 17 მაისს ადამიანთა სიძულვილის წინააღმდეგ მიმართული აქცია ძალადობრივად ჩაშალა, საჯაროდ განაცხადეს რომ არ დაუშვებდნენ აღნიშნული თავშესაფრის ფუნქციონირებას.“;
„ვვარაუდობთ, რომ თუ თავშესაფარზე თავდასხმა განხორციელდებოდა, რისი მუქარაც მრავლად გაისმა, სახელმწიფო ზუსტად ისევე არ აღკვეთდა და არ გამოიძიებდა ამ დანაშაულებებს, როგორც ეს 17 მაისის შემდეგ ჩადენილ დანაშაულთა შემთხვევაში მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინიციატივა სამართლებრივად გამართულია და არ არსებობს კანონი, რომელიც ჩვენ თავშესაფრის დაარსებასა და მართვას აგვიკრძალავდა, ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი ვართ, რომ თავშესაფრის ბენეფიციარების უსაფრთხოება დაცული იქნება“;
„განსაკუთრებით გვსურს მოვუბოდიშოთ იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოსა და ეკლესიისგან დავიწყებულია და ვისაც იმედი გაუჩნდა, რომ ამ ზამთარს ყინვას გადაურჩებოდა. ვწუხვართ, რომ ძალადობრივ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, თქვენ და – ჩვენ.
ვწუხვართ, რომ არც სულიერება და არც ქველმოქმედება ჯერ-ჯერობით უზენაეს ღირებულებას არ წარმოადგენს მისთვის, ვინც ამის საკეთებლად არის შექმნილი – ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის“, - ნათქვამია, ზოგადად, განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






