"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ გადაწყვიტოს საბურთალოს ოლქში მაჟორიტარად არა ერთიანი კანდიდატის დასახელება, არამედ, ყველა პარტიის მონაწილეობა და მეორე ტურში გასული ადამიანის მხარდაჭერა.
გიგი უგულავას განმარტებით, ეს ოლქი "სპეციფიკურ შემთხვევად ყალიბდება" და ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ყველა პარტიამ თავისი კანდიდატი დაასახელოს.
მისი თქმით, დანარჩენი 6 ოლქისგან განსხვავებით, აქ არსებული წინაპირობები არ ქმნის პირველივე ტურში მოგების შესაძლებლობას. ამ კუთხით მან ისაუბრა ალეკო ელისაშვილის სავარაუდო კანდიდატობაზე საბურთალოზე.
"შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ყველას ჰყავდეს კანდიდატი და ვინც მეორე ტურში გავა, იმას დავუჭერთ მხარს. ოღონდ ამას ვამბობ სპეციფიკურად ამ რაიონზე, იმიტომ რომ ამ რაიონში არსებული ვითარება ამ წუთას ასეთია, რომ სამწუხაროდ, ბატონი ელისაშვილი გავიდა ამ ერთობიდან. მე ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ეძღვნება ოპოზიციის ლანძღვას და ნაკლებად ქართული ოცნებისას. მას უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს ქართული ოცნების მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას დაიწყებს, ჰედლაინები და მედიის ინტერესი... იმიტომ, რომ ის ოპოზიციას წარმოადგენს. ამიტომ მე ვურჩევდი მას. არარაციონალურად და დათვურ სამსახურს უწევს ქართულ ოცნებას და იმედი მაქვს, რომ ეს შეგნებულად არ კეთდება. ზუსტად ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საბურთალოზე შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ვითარება", - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






