ორგანიზაცია „იდენტობის“ თავმჯდომარე ირაკლი ვაჭარაძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „იდენტობა“ ვინმეს აღზრდას კი არ აპირებს, არამედ იმ ხალხისთვის ეძებს თავშესაფარს, რომლებიც, სახელმწიფო სტრუქტურების დაუდევრობით, ზამთარში ქუჩაში კვდებიან:
„განმარტება მინისტრ სერგეენკოს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს:
ა) არავითარი იზოლირებული სახლი არ კეთდება
ბ) არავის აღზრდას, მითუმეტეს ბავშვებისას არ ვაპირებთ.
გ) ქუჩაში რომ გიკვდებათ ადამიანები, იმათ შევიფარებთ 4 თვით და სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, იურისტები და დასაქმების სპეციალისტები იმუშავებენ.
დ) „იდენტობის“ გარდა, ათობით სხვა ორგანიზაცია იქნება ჩართული, მათ შორის ისინი, ვინც პროფესიონალურად ასეთ მომსახურებას ყოველდღე სთავაზობს გაჭირვებულ მოქალაქეებს.
ე) თქვენ თავად თუ გააკეთებთ, მაგას რა სჯობს. მაგრამ თუ ვერ აკეთებთ, სხვებს მაინც დააცადეთ.
მადლობა მინისტრს, რომ დახმარების სურვილს გამოხატავს, მაგრამ უხერხულია, როდესაც სახელმწიფო სიცოცხლის უფლებას ვერ იცავს და მე კი აღზრდის სტანდარტებზე მელაპარაკება.
მით უმეტეს მაშინ, როდესაც არავითარი განზრახვა ვინმეს აღზრდისა, ჩვენ არ გვაქვს. სიცივისგან გაყინულს თუ ჭერს მისცემ - ეს აღზრდაა?“, - კითხულობს ირაკლი ვაჭარაძე.
მასალის გამოყენების პირობები






