„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ივანიშვილს პერსონალურად და მთელ მის რეჟიმს კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავი გადაირჩინონ პოლიტიკურად.
მისი თქმით, პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა.
"ბიძინა ივანიშვილს პერსონალურად, მთელ მის რეჟიმს, პოლიტიკურად უწონო ადამიანებს, კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, რომ თავიც გადაირჩინონ პოლიტიკურად, აქ არ ვგულისხმობ ძალაუფლების შენარჩუნებას, ეგ გამორიცხულია და ქვეყანას ნაკლები ზიანი მიაყენონ.
პირველი მოსმენის ჩავარდნა ნიშნავდა იმას, რომ შანსი აღარ ექნებოდა ამ პროცესს და მერე დაიწყებოდა თითების გაშვერა. ახლა თუ არ გამოუშვებენ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას და თვითონ ჩააგდებენ მეორე ან მესამე მოსმენას, კიდევ უფრო დაზიანდებიან და კუთხეში იქმებიან მომწყვდეულები.
ამიტომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელშიც თვითონაც შედიან, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა და მაშინ ჩვენც კიდევ ერთხელ მივიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. შესრულდება შეთანხმება, შემდეგ შედარებით ნორმალური წინასაარჩევნო კამპანია გვექნება და მერე ყველა უნდა შეეგუოს ამომრჩევლების ვერდიქტს. ახლა ბურთი მთლიანად მათ მოედანზეა და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ არ გვსურს, რომ მან საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც უმძიმესი შეცდომა დაუშვას და გააკეთოს ის, რაც ქვეყანას სჭირდება.
” - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






