"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ წინ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა და ეს ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრას ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს.
მელიას თქმით, შეუძლებელია სახელმწიფო განვითარდეს ან განვითარების შანსი ჰქონდეს, „როდესაც ქვეყნის მართვის სათავეებთან არის ოლიგარქი“.
„მნიშვნელოვანი ბრძოლა გველოდება, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საარჩევნო კამპანია, ვინაიდან ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური ოპონენტი, ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის ადამიანი, რომელიც აკეთებს პოლიტიკას და რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი მოწინააღმდეგე, ყველასი - როგორც პოლიტიკოსების, ასევე მოსახლეობის, არის ოლიგარქი, ადამიანი, რომელიც მხოლოდ ზრუნავს საკუთარ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია სახელმწიფო განვითარდეს ან გავითარების შანსი ჰქონდეს, სადაც ქვეყნის მართვის სათავეებთან არის ოლიგარქი. ოლიგარქია არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა. დღეს მართვის სათავეებში არის ადამიანი, რომელმაც დეკლარირებულად თქვა, რომ ამ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს მომავალი, უნდა ჰქონდეს მხოლოდ ოლიგარქიული მომავალი. ასე რომ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს იქნება ეგზისტენციალური არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მინიმუმ მომდევნო 10-15 წელიწადს. დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელი გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს არჩევანი არის ის, რომ ან ხარ ისტორიის სწორ მხარეს ან ხარ ისტორიის არასწორ მხარეს. ან ხარ ფარცხალაძე-მურუსიძე-ჩინჩალაძეებისკენ ან საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების ნათელი მომავლის მხარეს“,- განაცხადა მელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც ოპოზიციამ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ ბრძოლაში გავიაზროთ, რომ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა ნიშნავს გაჭირვების, სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლას.
"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოქალაქეებს გასიგრძეგანებული აქვთ არის ის, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მაგალითად ამერიკელ კონგრესმენებს კორუმპირებულებს ეძახის, თუმცა ამავე დროს კადიროვთან დაკავშირებით ერთ ზედმეტ წინადადებას ვერ დააცდევინებ მარტივი მიზეზის გამო, დღეს ჩვენი ქვეყანა ჩაბარებულია რუსეთს, ქვეყანას რუსი ოლიგარქი მართავს, რომლის ინტერესია, რომ თავად გამდიდრდეს, თავისი ჩინოვნიკები გაამდიდროს, რაც შეეხება მოქალაქეებს, გვახსოვს გერმანიაში გაისტუმრა ხალხი სამუშაოდ. ამიტომ მნიშვნელოვანია ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, რაშიც დარწმუნებული ვარ და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს წვლილი ოლიგარქიის დასრულებაში," - განაცხადა ხაბეიშვილმა.
ელენე ხოშტარიამ კი, რომელიც ვაკის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს აღნიშნა, რომ თბილისში მოქალაქეების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ არჩევნებში უნდა დამტკიცდეს, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას
„ძალიან საპასუხისმგებლო ბრძოლის ეტაპზე გადავდივართ და თბილისში ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მოპოვება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ის ერთობა, რომელიც არის აქ და რომელიც შეძლეს პოლიტიკურმა ძალებმა, არის ის საზოგადოებრივი დაკვეთა, რის გარეშეც შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების მოტანა. ამ არჩევნებში ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო არ იმსახურებს ოლიგარქიულ მმართველობას და ასევე, უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს არის არა სახელების და გვარების ცვლილება, არამედ სისტემური ცვლილება. სისტემური ცვლილება, სადაც სასამართლო არ იქნება დამორჩილებული პოლიტიკურ დაკვეთებს, სადაც პოლიცია არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული და სადაც ადამიანები იგრძნობენ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთიანობით ჩვენ ამაში ჩვენს თანამოქალაქეებს დავარწმუნებთ და „ქართული ოცნების“ მმართველობა დასრულდება”, - განაცხადა ხოშტარიამ.
"ევროპული საქართველოს წევრმა, შალვა შავგულიძემ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთად ყველაფერს გააკეთებენ, იმ ხელისუფლებიუს გასაცილებლად, რომელიც რუსეთს ემსახურება.
„დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს ამ ნდობისთვის, იმავდროულად, რა თქმა უნდა, მეც და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელსაც ვიღებთ ამ ბრძოლაში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და გასატარებლად და იმ ხელისუფლების ქვეყნის მართვისგან ჩამოსაცილებლად, რომელიც ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის, არამედ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის ინტერესებს. ჩვენ ამას შევძლებთ ერთად”, - განაცხადა შავგულიძემ.
„ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც ისანში, გაერთიანებული ოპოზიის მაჟორიტარობის კანდიდატია, განაცხადა რომ ეს არის არჩევნები დასავლურ განვითარებასა და რუსულ ვექტორს შორის.
„დღეს არის დღე, როცა ეროვნული თანხმობის იდეა იმარჯვებს დაპირისპირებაზე, როცა აღმშენებლობის იდეა იმარჯვებს ამ უბედურებაზე, რაც ქვეყანაში ხდება. მე ვფიქრობ, რომ დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა პიროვნებებმა კიდევ ერთხელ უჩვენეს მართლა ძალიან მაღალი პოლიტიკური კლასი. ჩვენ ვაკეთებთ არა იმას, თუ რა უნდა პარტიას ან რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს, არამედ იმას რაც უნდა ხალხს და ხალხი ჩვენგან ითხოვს შეთანხმებას და თანხმობას. საქართველოს გააჩნია საოცარი პერსპექტივა განვითარების და საოცარი აღმშენებლობის პროცესი შეგვიძლია დავიწყოთ. ვფიქრობ, რომ დღვანდელი დღე არის ჩანასახი იმ სრულიად ახალი თაობის კოალიციური მმართველობის, რომელიც აუცილებლად 31 ოქტომბრის შემდეგ იქნება ქვეყანაში და იქნება ხალხის სამსახურში, ადამიანის გაჭირვებასა და პრობლემაზე ორიენტირებული. ეს არის არჩევნები დასავლურ განვითარებასა და რუსულ ვექტორს შორის," - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






