„გერმანიის ფედერალურმა გენერალურმა პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია პრესისთვის, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქის თორნიკე კ.-ს მკვლელობას. ამ ინფორმაციაში გამოყენებულია გაუგებარი ფორმულირება, რომელშიც საუბარია „პრორუსულ“ მთავრობაზე საქართველოში. საქართველოს მთავრობის რაიმე სახით დახასიათება არ წარმოადგენდა გერმანული სამართლებრივი უწყებების მიზანს.
საქართველო არის ევროკავშირისა და ნატო-ს სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი“- ნათქვამია გერმანიის საელჩოს ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ საკუთარ ვებ-გვერდზე სენსაციური განცხადება გააკეთა, სადაც საუბარია საქართველოს მთავრობის პრორუსულობაზე- „ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე კავთარაშვილი) მკვლელობის გარემოებებიდან ირკვევა, რომ მსხვერპლი წინააღმდეგობას უწევდა კრემლის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის რესპუბლიკებისა და აგრეთვე საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებებს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
გერმანიის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც "ქართული ოცნება" პრორუსულ ძალადაა მოხსენიებული, გერმანიის ელჩიც განმარტავს.
ჰუბერტ ქნირშის თქმით, მოსაზრება, რომ ქართული ოცნება პრორუსულია, ეკუთვნის ხანგოშვილს და არა გერმანიის პროკურატურას.
„გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომელიც, ცხადია, უკეთესადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ფორმულირებული, ეხება აწ განსვენებული ხანგოშვილის საკითხს, კერძოდ, რა მიზნით იყო იგი გერმანიაში, აგრეთვე, მის განცხადებას, რომ მისი საზღვარგარეთ ყოფნის მიზეზს წარმოადგენდა საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან დაპირისპირება - ეს გახლავთ მისი სიტყვება და არა გერმანიის პროკურატურის მოსაზრება",- ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განუცხადა.
ელჩი ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.
„სამწუხაროა, რომ ამ საკითხის წარმოჩენა იმ კუთხით მოხდა, თითქოსდა გერმანიის პროკურატურას სურდა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის რაიმე სახით კორექტირება. სინამდვილეში, ეს მათი განზრახვა არ ყოფილა",- განაცხადა ელჩმა.
ელჩის განმარტების ქართულენოვან თარგმანს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები






